ახალი ამბები

“ქართულმა მარშმა” “ძალა ერთობაშიას” კოლონას თბილისის შემოსასვლელში გზა ჩაუკეტა

29 ოქტომბერი, 2020 • 1798
“ქართულმა მარშმა” “ძალა ერთობაშიას” კოლონას თბილისის შემოსასვლელში გზა ჩაუკეტა

უკვე ნახევარ საათზე მეტია, “ქართულმა მარშმა” “ძალა ერთობაშიას” კოლონას, რომელიც ქვემო ქართლიდან თბილისში მოდის, დედაქალაქის შემოსასვლელში გზა ჩაუკეტა.

თავიდან ადგილზე პოლიცია არ ჩანდა, მოგვიანებით მოსული სამართალდამცავები კი ჯერჯერობით გზის გახსნას ვერ ახერხებენ [17:15 სთ]. “მარშის” წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ხიშიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, “ძალა ერთობაშიას” კოლონიდან ერთ-ერთი მანქანა მათ ავტომობილს დაეჯახა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და შემდეგ გზის გადაკეტვა.

დღეს, 18:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, “ძალა ერთობაშიას” დასკვნითი საარჩევნო შეხვედრა იმართება. ნეტგაზეთს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავში დავით კირკიტაძემ უთხრა, რომ “ქართული მარშის” წევრები ცდილობდნენ, ქვემო ქართლიდან მომავალი მანქანების კოლონა თბილისში არ შემოეშვათ. მისივე თქით, ამ დროისთვის [17:30] მხარდამჭერებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გამოატარეს და თბილისისკენ მიდიან.

თუმცა, როგორც თავად “ქართული მარშის” ფეისბუკ ლაივში ჩანს, მათ აქტივისტებს გზის ნაწილი ისევ გადაკეტილი აქვს.

“პროვოკაცია იყო. “მარშის” წევრები შეეცადნენ გზა ჩაეხერგათ და არ გაეტარებინათ ქვემო ქართლიდან მომავალი კოლონა. ახლა როგორც მაქვს ინფორმაცია, ყველა გამოდიან ნელ-ნელა”, – აცხადებს დავით კირიკტაძე.

განახლება, 18:00 — გზის გადაკეტვიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ სანდრო ბრეგაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ დაიშალონ და წავიდნენ გლდანში, სადაც “ქართული მარშის” აქციაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი