ახალი ამბები

მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს, ეს ყველაფერი ივანიშვილმა გააკეთა – სააკაშვილი ზუგდიდზე

22 ოქტომბერი, 2020 • 1079
მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს, ეს ყველაფერი ივანიშვილმა გააკეთა – სააკაშვილი ზუგდიდზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდში მძევლების აყვანა და ბანკის ძარცვა მოქალაქეებს დაუცველობის განცდას უჩენს, რაშიც ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე.

“ჩვენს მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა. ეს არის არა მხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის და ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის სრული განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს.

ეს გააკეთა მან, ვინც მოვიდა რამდენიმე თვის, პატარა ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც გუშინ მოხდა, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და ბევრად უფრო გავრცელებულ ხასიათს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილმა თქვა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ზუგდიდში, არასდროს არ მომხდარა საქართველოში, “შევარდნაძის დროსაც კი”.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც შეიარაღებული ადამიანი ქალაქში გადაადგილდებოდა, პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე “იყო გადართული” და სწორედ ამიტომ “ის არავინ გააჩერა”.

“ასეთი რამე შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი. რით არიან დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუსი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ისინი შტაბებში სხედან ივანიშვილის დავალებით, წინ უდევთ მოქალაქეების, ბიზნესმენების სიები და დაკავებული არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით”, – განაცხადა სააკაშვილმა.


21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს, მან მძევლების ნაწილი გაათავისუფლა და 3 მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. უკვე გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა აღნიშნული მძევლებიც გაათავისუფლა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი