ახალი ამბები

დეკანოიძე: ჩვენს შტაბში უკანონოდ შეაღწიეს, აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი

18 ოქტომბერი, 2020 • 928
დეკანოიძე: ჩვენს შტაბში უკანონოდ შეაღწიეს, აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მის შტაბში უკანონოდ შეღწევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უწყება მის ოფისში აპარატურის დაყენებას გეგმავდა.

დეკანოიძის თქმით, შემთხვევა ღამით მოხდა, ჯერ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა შემდეგ კი შტაბში დარჩენილებმა სახურავიდან ხმაური გაიგეს:

“ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა. უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის. ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი” – ამბობს დეკანოიძე.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებისგან საპასუხო კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი