ახალი ამბები

მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს

17 ოქტომბერი, 2020 • 3302
მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს

მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა ფიზიკური დაპირისპირების გამო ჩაიშალა. სასტუმრო “ბომონდ გარდენში”, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მკლავჭიედელები მივიდნენ და ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

“რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა სპორტსმენებმა ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. ისინი ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ტელეარხის თანახმად, ჯაჭვლიანი დღევანდელ სხდომაზე აპირებდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რასაც ასევე მოჰყვა დაპირისპირება.

დაპირისპირების შემდეგ გამგეობის სხდომა გადაიდო. სპორტსმენები ამბობენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.

გასულ თვეში საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წევრები ამბობდნენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე მწვრთნელის ჩანაცვლებას პირადი ინტერესების გამო გეგმავდა. მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მწვრთნელებმა მათი კუთვნილი პრემიიდან ჯაჭვლიანისთვის გარკვეული თანხის მიცემა შეწყვიტეს.

“ნეტგაზეთი” სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი