ახალი ამბები

ხომ შეიძლება მამა კირიონი ცდებოდეს? – ეპისკოპოსი მელქისედეკი

15 ოქტომბერი, 2020 • 1424
ხომ შეიძლება მამა კირიონი ცდებოდეს? – ეპისკოპოსი მელქისედეკი

“შეიძლება ძალიან გულიანი ადამიანია მამა კირიონი, მაგრამ ხომ შეიძლება ცდებოდეს?”, – ეს განცხადება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა გააკეთა “მთავარი არხის” გადაცემა “ღამის მთავარში” ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით.

ეპისკოპოსის თქმით, მიუღებელია, რომ საკითხზე სინოდის წევრებმა არაფერი იციან და სინოდში მსჯელობაც არ გამართულა. მისივე თქმით, ეკლესიის პოზიციას არ უნდა გამოხატავდნენ ცალკეული მღვდლები. მან სასულიერო პირებს მოუწოდა, ფრთხილად მოეკიდნონ ასეთ საკითხებს.

“მაგალითად, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს სამშობოლო, ეკლესია, დავითგარეჯი, მაგრამ ხომ შეიძლება, მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი? ხომ შეიძლება, მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდბეული ამ ორი ადამიანის ბედი ამიტომ, მივმართავ [ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას], რომ გაუძლონ, სამართალი აუცილებლად იზეიმებს”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

“როდესაც მოვისმინე ერთ-ერთის ნათქვამი, რომ ასე მგონია, მეტყვიან ბოდიშს და გამომიშვებენო, მე მინდა მათ მივმართო ორივეს, მათ კარს ვერ გავუღებ, მაგრამ მინდა ბოდიში მოვუხადო. მინდა დავეთანხმო მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შეფასებას, რომელმაც თქვა, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებით არ შეიძლება იარლიყი მივაკეროთ ადამიანებს მოღალატისა. მიუღებელია ნებისმიერ მიმართ ასეთი ბრალდების და იარლიყის მიწებება”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

როგორც ცნობილია, კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი