ახალი ამბები

მშვენიერაძე: ხიდაშელმა ან დამალა ინფორმაცია, ან გამოძიების მიკერძოებულობა იკვეთება

14 ოქტომბერი, 2020 • 1493
მშვენიერაძე: ხიდაშელმა ან დამალა ინფორმაცია, ან გამოძიების მიკერძოებულობა იკვეთება

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც, ამავდროულად, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დაცვის მხარეს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის გუშინდელი ინტერვიუდან ირკვევა, რომ მოწმემ გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია დაუმალა, ან თავად გამოძიების მხრიდან ჰქონდა ადგილი მიკერძოებას.

კერძოდ, საუბარია ხიდაშელის მონათხრობის იმ ნაწილზე, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ჩართვის გარემოებებზე საუბრობს. “რუსთავი 2-სთვის” მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელი იხსენებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკების მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში პირადად სთხოვა, ჩვენებაში კი “ქართული ოცნების” ლიდერის სახელი არ ფიგურირებს.

კერძოდ, მშვენიერაძის თქმით, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ხიდაშელი ამბობს, რომ აღნიშნული თხოვნით მისი მეგობარი, ბეჟან მაისურაძე დაუკავშირდა, რომელიც ინტერვიუში მოთხორბილი ვერსიით მხოლოდ კურიერის როლს ასრულებდა ხიდაშელსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, რადგან თავად ხიდაშელი საქართველოში არ იმყოფებოდა:

“ბატონი ხიდაშელი ჩვენებაში ამბობს, რომ 2019 წლის ოქტომბერში მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ სთხოვა, რომ დახმარებოდა 1936-1038 წლების რუკების მოძიებაში, რადგან ეს რუკები საქართველოში არ იძებნებოდა და ის ამბობს, რომ დაკავებულია კარტოგრაფიული საქმიანობით უკანასკნელი 20 წელია, აქვს დიდი საარქივო მასალა და, ასე ვთქვათ, მსგავს საქმეებში ჰქონდა გამოცდილება და შეეძლო მოძიებაც.

ბეჟან მაისურაძემ სთხოვა მას დახმარებოდა საქართველოს ზემოხსენებული პერიოდის რუკების მოძიებაში და გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეს სამინისტრო ამ რუკებს საჭიროებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს რუკები მან მოიკვლია რუსეთის ფედერაციაში, როგორც ჩვენებაში ამბობს და შემდგომ ამ მასალების გადაცემა მოხდა თავდაცვის სამინისტროსთვის. მის ჩვენებაში არაფერია საუბარი, თავად ბეჟან მაისურაძე როგორ ჩაერთო აღნიშნულ საქმეში”, – ამბობს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თუმცა რ2-თან ინტერვიუში ხიდაშელი აცხადებს, რომ მას რუკების მოძიებაში დახმარება ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. ბეჟან მაისურაძეს კი თვითონ დაუკავშირდა და თავდაცვის სამინსტროში მისვლა სთხოვა, რათა დაეზუსტებინ,ა კონკრეტულად რის მოძიებას სთხოვდნენ მას.

მშვენიერაძის თქმით, აღნიშნული ორიდან ერთს ნიშნავს – ან ხიდაშელმა ეს ინფორმაცია გამოძიებას განგებ დაუმალა, ან თავად საგამოძიებო უწყებამ არ ასახა გამოკითხვის ოქმში აღნიშნული ინფორმაცია:

“ბატონი ივანიშვილი საკუთარ ჩვენებაში ამ კონტექსტში ბატონ ხიდაშელს ნახსენები არ ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ მან ან დაუმალა გამოძიებას ეს ინფორმაცია, ან მეორე მხრივ, მიაწოდა ეს ინფორმაცია და გამოძიებამ არ ჩაწერა გამოკითხვის ოქმში რაღაც მიზეზების გამო.

ამ ორიდან ერთ-ერთია. კონკრეტულად რომელია, ეს შეიძლება მოწმის ხელახალი დაკითვის დროს უფრო ცხადი გახდეს. ცხადია, მოწმე რაღაც ინფორმაციას არ აწვდიდა და თუკი იტყვის, რომ აწვდიდა და გამოძიების მასალებში ეს ვერ მოხვდა, გამოძიების მიკერძოებასთან გვაქვს საქმე” ,- ამბობს მშვენიერაძე. 

ამასთან, მშვენიერაძისთვის გაუგებარია, რატომ ედავება გამოძიება ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას კონკრეტული კარტოგრაფიული მასალის დამალვას, რომლის არსებობაც მთელი რიგი პირებისთვის იყო ცნობილი.

მისი თქმით, საქმეში დევს ნატალია ილიჩოვას თანამშრომლის, ირმა გაბუნიას ჩვენებაც, რომელშიც ამბობს, რომ სადავო რუკის ერთ-ერთი ეგზემპლარი სხვა კარტოგრაფიულ მასალებთან ერთად ილიჩოვამ 2019 წელს გადასცა მას შემდეგ, რაც ილიჩოვას ადგილი დაიკავა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრის პოსტზე.

ამასთან, მშვენიერაძე ამბობს, რომ ამავე ჩვენების მიხედვით, ილიჩოვა და გაბუნია ორ სხვა პირთან ერთად ერთ სამუშაო ოთახს იყოფდნენ, დოკუმენტები კი საერთო გამოყენების საცავში იყო დაცული:

“საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითია და დეტალურ ანალიზს ვაკეთებთ, ბევრი პატარ-პატარა დეტალია მოცემული ჩვენებში, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან შედარება სჭირდება. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში კარგად ჩანს, კერძოდ, ქალბატონი ნატალია თავის ჩვენებაში ამბობს, რომ რუკა ინახება მასთან, ერთ-ერთი ეგზემპლარი. ხოლო ირმა გაბუნია, რომელიც ილიჩოვასთან და კიდევ ორ ადამიანთან ერთად ერთ ოთახში მუშაობს, საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ 2019 წლის მაისის თვეში ის სამსახურმა წარადგინა, როგორც საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრად და ამ პერიოდში, სადაც ნატალია ილიჩოვა ჩაანაცვლა.

როგორც თავად იხსენებს, მას შემდეგ, რაც მოხდა ჩემს მიერ ილიჩოვას ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკებიო. ამასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარება არ გაგვიფორმებია, უბრალოდ მითხრა, რომ ეს იყო არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი, მე უნდა მქონოდაო. მისი თქმით, აღნიშნული მასალები შეინახა სამსახურის რკინის სეიფში, რომელსაც ის და ნატალია ილიჩოვა იყენებდნენ. ამიტომ, რუკების გადამალვა, გასაიდუმლოება, ასეთი არაფერი ყოფილა” ,- ამბობს მშვენიერაძე. 

გარდა ამისა, სადავო დოკუმენტი, იგივე 1:200 000 მასშტაბის 1930-იანი წლების რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც მელაშვილსა და ილიჩოვას ედავებიან. მშვენიერაძის თქმით, ასევე წარდგენილი იყო აზერბაიჯანული მხარისთვისაც ბაქოში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც აზერბაიჯანულმა კომისიამ მისი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში შეუძლებლად მიიჩნია.

მშვენიერაძის თქმით, ამას მოწმობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მალხაზ მიქელაძის ჩვენება:

“2019 წლის მაისში, როდესაც ქართული მხარე წარდგა აზერბაიჯანულ მხარესთან ბაქოში სწორედ ამ დოკუმენტით, ამ შეხვედრაზე ბატონი ნოდარ ხორბალაძე წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს. აღნიშნულის პასუხად, როგორც ჩვენებაში წერია, იქაური კომისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის იცნობს 200 -ათასიანი მასშტაბის რუკებს, თუმცა მათი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში შეუძლებლად მიაჩნია – ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ამბობს მშვენიერაძე. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, შესაბამისად, საკითხი არ დამდგარა რუკის ავთენტურობაზე ან სხვა საკითხებზე. მისი თქმით, აღნიშნული კარტოგრაფიული მასალების ელექტრონული ვერსიებიც ხელმისაწვდომია და ისინი აზერბაიჯანული მხარისთვისაც ცნობილია.

იურისტი აცხადებს, რომ პრობლემა არის რუკის ხარისხი და რუკის ძალა. მისი თქმით, რუკას აქვს სამართლებრივი ძალა იმ შემთხვევაში, თუ მასზე გავლებული ხაზები სახელმწიფოების მხრიდან ორმხრივად არის აღიარებული და დადასტურებული, ასეთი ძალა კი მშვენიერაძის თქმით, აქვს მხოლოდ 500-ათასიანი მასშტაბის რუკას და ნებისმიერი რუკა, რომელიც იმ 500- ათასიანი მასშტაბის რუკას შეესაბამება, არის გმაოსადეგი და რომელსაც მასთან აცდენა აქვს, ამ პროცესისთვის არის გამოუსადეგარი:

“ამიტომაც, რაც არ უნდა პოზიციონირება გავაკეთოთ, აღარ გვინდა 38 წლის რუკა და უნდა გამოვიყენოთ 200 000-იანი მასშტაბის რუკები, ეს ვერაფერს შეცვლის და თუ ზოგადად გადახედვას ვიწყებთ, აზერბაიჯანს აქვს სერიოზული პრეტენზიები, რომ გამოყენებულ იქნებს 1945 წლის რუკა, რომლითაც დაახლოებით 5 000 ჰექტარს ვკარგავთ. აქვს პრეტენზიები, რომ გამოყენებულ იქნას 1991 წლის სამეურნეო რუკები და არსებული ფაქტობრივი მდგომაროება, რომლითაც ასევე ვზარალდებით. ამ პანდორას ყუთის გახსნა დამატებით მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოშობს” ,- ამბობს იურისტი.

კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი