ახალი ამბები

კორონავირუსის ვაქცინას რუსეთში 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზეც შეამოწმებენ

14 ოქტომბერი, 2020 • 911
კორონავირუსის ვაქცინას რუსეთში 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზეც შეამოწმებენ

რუსეთში შექმნილ კორონავირუსის ვაქცინის, „სპუტნიკ V-ს“ ეფექტიანობას 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზეც შეამოწმებენ, იტყობინება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, კვლევაში 60 წელს გადაცილებული 110 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„კორონავირუსის პირველი ვაქცინა მსოფლიოში?“

ცნობები მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინის შექმნის შესახებ მოსკოვმა 11 აგვისტოს გაავრცელა. თუმცა კლინიკური ცდები, რომლებიც ვაქცინის შექმნისას აუცილებლად არის ჩასატარებელი, იმ დროისთვის გავლილი არ იყო.

მოსკოვი ირწმუნება, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, მაგრამ დარგის სპეციალისტები „სპუტნიკის“ მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.

მაგალითად, აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი ამბობდა, რომ „დიდი ეჭვი ეპარებოდა“ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში.

კრიტიკოსები ასევე მიუთითებენ ვაქცინის შექმნის სისწრაფეზე და მიიჩნევენ, რომ ვაქცინაზე მუშაობისას შემქმნელებმა განზრახ დააჩქარეს პროცესები. მოსკოვში ყველა ამ ბრალდებას უარყოფენ და პირობას დებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას ვაქცინაზე მალე რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი