ახალი ამბები

“თქვენი დაცვა არ გვჭირდება” – პროტესტი რუს სამხედროებს სირიის სოფლებში

13 ოქტომბერი, 2020 • 1322
“თქვენი დაცვა არ გვჭირდება” – პროტესტი რუს სამხედროებს სირიის სოფლებში

სირიაში, დიდწილად ეთნიკური ქურთებით დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთ წერტილში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ადგილობრივთა მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებიან. გასული კვირის ბოლოს ასეთი შემთხვევა თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელში მოხდა, როცა იქ სამხედრო ბანაკის მოსაწყობად შესულ რუს სამხედროებს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მათი თქმით, მოსკოვის გარეშეც დაცულად გრძნობენ თავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 11 ჯავშანმანქანისგან შემდგარი კოლონა სირიის სასაზღვრო სოფელ აინ დივარში კვირას, 11 ოქტომბერს გამოჩნდა, რის შემდეგაც სოფლის შესასვლელთან ადგილობრივები, ძირითადად ქალები შეიკრიბნენ. რუსი სამხედრო მათ ეუბნებოდა, რომ ადგილზე საწვრთნელი ბანაკის გახსნა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სირიელი სამხედროების გადასამზადებლად სურდათ, რასაც აინ დივარის მაცხოვრებლები არ დაეთანხმნენ.

“ერდოღანთან წადით და მას უთხარით, ჩვენზე თავდასხმები შეწყვიტოს… ჩვენ თქვენი დაცვა არ გვჭირდება”, – მიმართა ადგილობრივმა ქალმა რუს სამხედროს. მისი განცხადებით, სოფელი ისედაც დაცულია და რუსების იქ ყოფნა საჭირო არ არის.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში არ ჩანს, როგორ დასრულდა მოსახლეობის პროტესტი, თუმცა ქურთული ტელეკომპანია “რუდავის” თანახმად, რომელიც ადგილზე მუშაობს, რუს სამხედროებს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ.

ქალი ეღობება რუსულ ჯავშანმანქანას სირიის სოფელ აინ დიარში. ფოტო: ალ-ჰურრა

ადგილობრივი “North Press Agency”-ს ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში რუსმა სამხედროებმა ბაზის მოწყობა უკვე მეხუთედ სცადეს. გამოცემის თანახმად, ანალოგიური მიზეზით მოუხდათ რუსებს სოფელ ბორზას დატოვება სექტემბრის ბოლოს.

კიდევ ერთი ასეთი ინციდენტი, ადგილობრივი ლიდერის ცნობით, ამავე რეგიონში მდებარე სოფელ სარმსახში, ოქტომბრის დასაწყისში მოხდა. როგორც ის “ამერიკის ხმას” უყვება, რუსული კოლონის გამოჩენისთანავე სოფელში 200-მდე ადგილობრივი შეიკრიბა და სამხედროებს ქვების სროლით დაემუქრა, თუ ტერიტორიას არ დატოვებდნენ.

“რუსმა მეთაურმა გვითხრა, რომ სოფელში ფორპოსტის აშენება სურდათ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. მარტივად ვუთხარით, რომ არ გვჭირდება მათი დაცვა და არ ვენდობით რუსებს”, – აცხადებს ოსმან ხალილი. მისივე თქმით, სამხედრო კოლონამ სოფელი დატოვა.

ბოლო თვეებში რუსეთმა, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში თავისი წარმომადგენლობა გაზარდა. ამ რეგიონს დიდწილად აკონტროლებენ ქურთების “სირიის დემოკრატიული ძალები”.

ამ რეგიონში რუსეთის განსაკუთრებული გააქტიურება 2019 წლის ოქტომბრიდან შეინიშნება, როცა მოსაზღვრე თურქეთმა ადგილობრივი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა სასაზღვრო რეგიონებიდან აშშ-ის ჯარების ნაწილობრივი გასვლა, რამაც თურქეთს მოქმედება გაუადვილა.

ზემოხსენებული მოვლენების შეფასებისას ექსპერტები საუბრობენ როგორც რუსეთის მიმართ ნდობის დეფიციტზე სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ისე მოსკოვის მცდელობაზე, შეასუსტოს რეგიონში ვაშინგტონის გავლენა. ორი ქვეყნის საჯარისო ნაწილებს შორის დაძაბულობა აშკარაა. აგვისტოში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ 4 ამერიკელი სამხედრო დაშავდა რუსეთის ძალებთან დაპირისპირებისას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.

“ქურთები ცდილობენ, უთხრან რუსეთს, რომ თავიანთ სახლში ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და არა დამასკო და მოსკოვი”, – უთხრა “ამერიკის ხმას” ნიკოლას ჰეარსმა, ახლო აღმოვლეთის ექსპერტმა ვაშინგტონში მოქმედი “ომის შემსწავლელი ინსტიტუტიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი