ნეტგაზეთი | “7.1 მილიონის ყალბი დღგ-ის საქმე” – დაკავებულია მეწარმე “7.1 მილიონის ყალბი დღგ-ის საქმე” – დაკავებულია მეწარმე – Netgazeti
RU | GE  

“7.1 მილიონის ყალბი დღგ-ის საქმე” – დაკავებულია მეწარმე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის დაქვემდებარებაში არსებული ორი კომპანიის სახელით, დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეიქმნა ზედმეტობა, ჯამში, 7 133 000 ლარის ოდენობით.

“სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანად გატარებული ათეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დროულად იქნა აღკვეთილი აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. ბრალდებულმა ხსენებული თანხიდან შეძლო მხოლოდ 224 996 ლარის ოდენობის აქტივის გამოყენება მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად, რითაც ბიუჯეტზე აცილებულ იქნა დაახლოებით 6 900 000 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com