ახალი ამბები

ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო — ქარტია

12 ოქტომბერი, 2020 • 1084
ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო — ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ბათუმელების ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეშფოთებას გამოთქვამს.

მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას წინასაარჩევნო შეხვედრებზე მერის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. კითხვის მოსმენის შემდეგ მან ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და უშვერად აგინა.

როგორც ქარტიაში აცხადებენ, მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.

“ქარტია მიიჩნევს, რომ: აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია, საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა”, — აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით- წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმაონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, “იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის”.

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/303363/?fbclid=IwAR2TNP15gxilYpzqHKoNGJ1Ha0AFrax_N3YRmKLPc1tluZkXgIDh3OzFZPM

მასალების გადაბეჭდვის წესი