“ევროპული საქართველოს” მტკიცებით, გუშინ, 11 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მათ აქტივისტს თავს “ქართული ოცნების” აქტივისტები დაესხნენ, თუმცა დაშავებულმა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ “მთავარ არხს” განუცხადა, რომ ისიც “ქართული ოცნების” წევრია და შემთხვევა პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა. მომხდარის შესახებ ნეტგაზეთს “ევროპული საქართველოს” გარდაბნის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი, გაბილ გასიმოვი ესაუბრა.
გასიმოვის თქმით, პარტიის კოორდინატორს, ოქტაი სკანდაროვს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც “ევროპული საქართველოს” კოორდინატორმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნა მისცა “ევროპული საქართველოს” პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით. გასიმოვის განცხადებით, პარტიის კოორდინატორი ორმა ადამიანმა სცემა, კოორდინატორმა კი ორივე მათგანი ამოიცნო და პოლიციასაც მისცა ჩვენება, თუმცა მმართველი პარტიამ მუქარის შედეგად მას ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალა:
“პოლიციაში გამოკითხვის პროცესში ჩვენს აქტივისტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს, ასევე, “ქართული ოცნების” ლიდერები მივიდნენ დედამისთან სახლში და უთხრეს, რომ გაეფრთხილებინა საკუთარი შვილი, ტელევიზიებთან არ ესაუბრა. შემდეგ დედამისმა დაურეკა ამას და უთხრა, რომ ტელევიზიებთან არ ჰქონოდა კონტაქტი, ჩვენ მერე აქ როგორ ვიცხოვრებთო და არ გვინდა ეგეთი რაღაცებიო. ასე დაემუქრნენ, შეაშინეს და მაგის გამო ტელევიზიებთან თქვა, რომ “ოცნების” მხარდამჭერი იყო”, – განაცხადა გასიმოვმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისი თქმით, მომხდარის შემდეგ თავად ესაუბრა სკანდაროვს, რომელმაც უთხრა, რომ ნანობდა საკუთარ განცხადებას.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად სკანდაროვსაც დაუკავშირდა, თუმცა გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემაც. მისი თქმით, სკანდაროვმა “ევროპული საქართველოს” აქტივისტობა მას შემდეგ უარყო, რაც მის ოჯახს დაემუქრნენ.
“ქართული ოცნება ისევ აგრძელებს ძალადობას არჩევნების წინ, გუშინ, გვიან ღამით მოხდა ინციდენტი, როდესაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესნხნენ გარდაბანის რაიონოს სოფელ ყარაჯალარში, ცემეს, შემდეგ ის წავიდა პოლიციაში, თქვა, რომ ეს გააკეთეს ქართული ოცნების აქტივისტებმა და, როგორც ხდება ხოლმე, ტრადიციულად, მის ოჯახზე მუქარის შედეგად, ათქმევინეს, რომ ის არის არა ევროპული საქართველოს, არამედ ქართული ოცნების მხარდაჭერი, რაც ჩვეულებრივი კლასიკური ქართული ოცნების სტილია- ჯერ ძალადობა, შემდეგ ზეწოლა იმ იმედით, რომ პირიქით გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები აღარ უჭერენ მხარს იმ პარტიას, ვისთან აფილირების გამოც მასზე იძალადეს”, – განაცხადა კაპანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მხულით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე უწყებაში თავი შეიკავეს.
