ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საბაჟო: სომხეთისკენ მიმავალ სატვირთოში არ აღმოჩნდა სამხედრო ტვირთი

11 ოქტომბერი, 2020 • 1467
საბაჟო: სომხეთისკენ მიმავალ სატვირთოში არ აღმოჩნდა სამხედრო ტვირთი

საქართველოს შემოსავლების სამსახური, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტებს კურირებს, აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები „სომხეთისკენ მიმავალი სამხედრო ტვირთის გადაადგილების აღკვეთაზე“ დეზინფორმაციაა.

10 ოქტომბერს აზერბაიჯანულ გამოცემა Haqqin.az-მა დაწერა, რომ საქართველოში დააკავეს სატვირთო ავტომობილები, რომლებითაც ცდილობდნენ იარაღი გადაეტანათ სომხეთში, თუმცა სამხედრო ტვირთი ჰუმანიტარული ტვირთის ქვეშ ჰქონდათ დამალული.

Haqqin-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სომხური სატრანსპორტო-გადამზიდავი კომპანია Spayka-ს რამდენიმე სატვირთო მანქანა გაჩერებულია საქართველოს ერთ-ერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე; ერთ-ერთი სატვირთოში აწყვია, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული ტვირთი, თუმცა ეს ტვირთი ყველა მხრიდანაა შემოწყობილი დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებას, რომლის დანიშნულების დაზუსტებაც ფოტოთი ვერ ხერხდება. კადრებში იარაღი არ ჩანს.

„ნეტგაზეთი“ ამბის გადასამოწმებლად დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს. მოგვიანებით უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხრიდან „უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა“.

„მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა“, – აცხადებს უწყება.

შემოსავლების სამსახურის თანახმად, „შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია“.

„აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვარის კვეთა და გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით“, – წერია განცხადებაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს და ისინი 24-საათიან რეჟიმში სპეციალური პროტოკოლის დაცვით გადაადგილდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი