ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო მინისტრებს მოსკოვში იწვევს

9 ოქტომბერი, 2020 • 829
პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო მინისტრებს მოსკოვში იწვევს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს კონსულტაციებისთვის იწვევს ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებისა და სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც “ტასი” კრემლზე დაყრდნობით წერს, პუტინმა ეს გადაყწვეტილება მიიღო ქვეყნების ლიდერებთან ტელეფონით გამართული მოლაპარაკებების შემდგომ და მხარეებს აღნიშნულ წინადადებას სთავაზობს:

“აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრების სერიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, დაღუპულთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის მიზნით. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გასამართად  აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 ოქტომბერს მოსკოვში არიან მოწვეულნი”, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი