ახალი ამბები

სააკაშვილი მელაშვილი/ილიჩოვას დაკავებას აპროტესტებს

7 ოქტომბერი, 2020 • 1320
სააკაშვილი მელაშვილი/ილიჩოვას დაკავებას აპროტესტებს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარების გადაფარვას.

“ის, რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილსა და სხვა ადამიანებს, არის მცდელობა, რომ გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში, სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა. მათ ამ ყველაფრის გადაფარვა სურთ ისეთი სისულელით, რომელსაც სამი წლის ბავშვიც არ დაიჯერებს”, –  განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავისი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მალე შეიცვლება ხელისუფლება.

“სულ ცოტაც კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო დაიწყებს ძალიან სწრაფი ტემპით წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებს შექმნას ქაოსი და არეულობა, ვერც ჩვენს მეზობლებთან, ვერც ქვეყნის შიგნით. საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე” ,- აცხადებს სააკაშვილი.

გენერალურ პროკურატურაში 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, პროკურატურის განცხადებით, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, “რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით-გარეჯთან მიმართებაში”.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და “არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი