ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი უარყოფს ბაქოს განცხადებას ყარაბაღში ქურთი მებრძოლების შესახებ

7 ოქტომბერი, 2020 • 1160
ერევანი უარყოფს ბაქოს განცხადებას ყარაბაღში ქურთი მებრძოლების შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მთიან ყარაბაღში სომხური მხარის სასარგებლოდ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრები იბრძვიან, რაც დღესვე უარყო სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.

ალიევის განცხადებით, მათ აქვთ სადაზვერვო ინფორმაცია, მათ შორის ქურთი მებრძოლების დოკუმენტები და აუდიოჩანაწერები, რითაც დასტურდება მათი ყარაბაღში ყოფნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალიევმა თურქული CNN-ის ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.

“ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მებრძოლები ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სომხური და არასომხური წარმოშობის ხალხი მიდის ყარაბაღში აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – განაცხადა ალიევმა.

როგორც რუსული Ria novosti ავრცელებს, სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, აბსურდულია აზერბაიჯანის ბრალდება, თითქოს სომხური მხარის სასარგებლოდ ქურთი მებრძოლებიც იბრძვიან.

“ბრალდებები, რომ აქ არიან ქურთი მებრძოლები, არის აბსოლუტურად აბსურდი. მაჩვენეთ ერთი ქურთი მებრძოლი მაინც”, – აცხადებს იგი.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქურთები და იეზიდები სომხეთში ცხოვრობენ და ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან.

მხარეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე გაჩნდა ურთიერთბრალდებები, რომ აზერბაიჯანის სასარგებლოდ სირიელი ამბოხებულები იბრძოდნენ, რაც ასევე დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც, ხოლო სომხეთის სასარგებლოდ- ქურთული ჯგუფები. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ბრალდებებს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი