ახალი ამბები

კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

7 ოქტომბერი, 2020 • 1269
კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე, 112-ზე შევიდა შეტყობინება კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელში, ვენახში, სავარაუდოდ, ჭურვის ჩამოვარდნის ინფორმაცია და ფოტო/ვიდეომასალა მანამდე გაავრცელეს მთავარმა არხმა და ფეისბუკ გვერდმა “სამხედრო საქმემ”.

მომხდარს აფეთქება არ გამოუწვევია, არავინ დაშავებულა.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ პოლიცია ადგილზე მუშაობს და ვითარებას არკვევს. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ჩამოვარდა ვენახში და საიდან.

როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სოფელი უდაბნო აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მომხდარი ფაქტი. მანამდე ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭურვები შემთხვევით მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც შენობები დააზიანა და ბავშვი დაიჭრა.

მთავარი ფოტო © მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი