ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ აქვს კავშირი ოფიციალურ საფრანგეთთან – საგარეო რუკაზე, სადაც ახალქალაქი არასწორადაა მონიშნული

6 ოქტომბერი, 2020 •
არ აქვს კავშირი ოფიციალურ საფრანგეთთან – საგარეო რუკაზე, სადაც ახალქალაქი არასწორადაა მონიშნული

ფრანგმა პოლიტიკოსმა, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტმა, ლორან ვოკიემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა სომხეთის მხარდამჭერი პოსტი და ფოტო, რომელზეც ჩანს რუკა, სადაც ახალქალაქი სომხეთის ნაწილადაა მითითებული და არა საქართველოს ტერიტორიად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კავშირში არიან ლორან ვოკიეს ოფისთან და აცხადებენ, რომ რუკას არავითარი კავშირი არ აქვს ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან.

რას წერს პოლიტიკოსი

ლორან ვოკიემ, რომელიც 2017-19 წლებში პარტია „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტი იყო, ტვიტერსა და ფეისბუკზე რამდენიმე ფოტო დაპოსტა, ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა და დაწერა: „მე დავდე პირობა, რომ არასოდეს დავთმობ სომხეთსა და არცახს [მთიანი ყარაბაღის სომხური დასახელება]“.

„მარტო არ დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით სომხებს, რომელთაც სურთ, თავიანთ ოჯახებთან ერთად ღირსეულად და მშვიდობიანად იცხოვრონ არცახში“, – დაწერა მან.

ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც ამ შინაარსის პოსტს ახლავს თან, ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, — რასაც აღნიშნული რეგიონიდან უგზავნიან სომხეთს, — ჩანს კედელზე გაკრული რუკა.

ამ რუკაზე ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული ახალქალაქი სომხეთის ტერიტორიის შემადგენლობაშია შეყვანილი და არა საქართველოსაში.

პოსტს კომენტარებში არაერთი ქართველი მომხმარებელი გამოეხმაურა და რუკის ასეთი ფორმით გავრცელება გააპროტესტა.

„ნაციონალისტური ორგანიზაციის რუკაა“

ფაქტს გამოაეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარი ნარჩემაშვილი, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან.

„პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი, ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ოგანიზაციის ოფისს“, – წერს საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამასთან, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ტვიტერზე დაწერა, რომ აღბეჭდილი რუკა, „ცხადია, არ წარმოადგენს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას. საფრანგეთის მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და მხარდაჭერა კარგადაა ცნობილი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.

მასალა განახლდა საქართველოში საფრანგეთის ელჩის კომენტარით

მასალების გადაბეჭდვის წესი