ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში სირიელი და ქურთი მებრძოლები დაიღუპნენ – RIA, APA

5 ოქტომბერი, 2020 • 953
ყარაბაღში სირიელი და ქურთი მებრძოლები დაიღუპნენ – RIA, APA

რუსული გამოცემა Ria novosti მთიან ყარაბაღში 93 სირიელი მებრძოლის დაღუპვის შესახებ იუწყება.

გამოცემის წყარო სირიული ოპოზიციის წევრები არიან.

“53 მებრძოლის გვამი კვირას ჩამოასვენეს სირიაში, მთლიანად დაღუპულთა რიცხვი 93-ია” – როგორც სტატიაშია ნათქვამი, აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი ინფორმატორი სირიული ოპოზიციიდან.

რუსული გამოცემის მიერ გავრცელებული სტატიის მიხედვით, სირიული წყაროების ცნობებით, პირველ ოქტომბერს ყარაბაღში 322 კარგად აღჭურვილი მებრძოლი იმყოფებოდა.

მანამდე ყარაბაღში სირიელი მებრძოლების არსებობის შესახებ განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

“ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სირიელი ჯიჰადისტი მებრძოლები გაზიანთეფის გავლით მოხვდნენ მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა მაკრონმა ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელიც ბრიუსელში იმართება.

სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ქურთისტანის კომუნისტური პარტიის (PKK) წევრების განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA.

“უმეტესობა ქურთული ჯგუფებისა, რომლებიც სომხურ მხარეს იბრძოდნენ, განადგურებულია. დარჩენილი ნაწილები ბრძოლას აგრძელებენ, ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სუღოვუშანსა და სამხრეთ ფრონტზე” – ნათქვამია სტატიაში.

აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობით, დაგეგმილი იყო 500 მებრძოლის სირიიდან სომხეთში ჩამოყვანა 4-5 ოქტომბრის ღამეს, რომელთაც უნდა ეწარმოებინათ პარტიზანული ომი მთიან ყარაბაღში.

უცხოელი მებრძოლების სომხეთის სასარგებლოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al-jazeera-სთან გამარტულ ინტერვიუში.

“ისინი [სომხეთი] ახდენენ მებრძოლების რეკრუტირებას ახლო აღმოსავლეთიდან და არამხოლოდ სომხური წარმოშობის მებრძოლების. ჩვენ გვაქვს მტიკეცბულებები” – განაცხადა მან.

ქურთისტანის კომუნისტური პარტია თურქეთისა და აშშ-ს მიერ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. PKK-სთან დაკავშირებული ჯგუფები აკონტროლებენ ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ ქურთულ დემოკრატიულ კონფედერაციას. აღნიშნულმა ჯგუფები სირიის სამოქალაქო ომის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, იბრძოდნენ ისლამური სახელმწიფოს, სირიული ოპოზიციის რადიკალური ჯგუფებისა და თურქეთის წინააღმდეგ.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების შემდეგ მხარეები ერთმანეთს უცხოელი მებრძოლების საომარ მოქმედებებში ჩაბმაში ხშირად ადანაშაულებენ. ორივე მხარე ბრალდებებს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი