ახალი ამბები

ჯარიმის გასაპროტესტებლად მერიასთან მისული “სტრატეგია აღმაშენებლი” ისევ დააჯარიმეს

5 ოქტომბერი, 2020 • 823
ჯარიმის გასაპროტესტებლად მერიასთან მისული “სტრატეგია აღმაშენებლი” ისევ დააჯარიმეს

“თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა”, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის სახელზე 1 000-ლარიანი ჯარიმა გამოწერეს, ამის მიზეზი კი მერიასთან აქციის მიმდინარეობისას კარვების გაშლა გახდა.

“თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით”, – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ჯარიმა გამოიწერა სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც კრძალავს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მერიამ “სტრატეგია აღმაშენებელს” ჯარიმა სწორედ ამ მუხლის თანახმად გამოუწერა. პარტიამ ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დღეს, 5 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და პარტიის მიმართ გამოწერილი ჯარიმები გააპროტესტეს. როგორც პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, ისინი დაახლოებით ერთი თვის წინ პლაკატებისა და ბანერების გაკვრისთვის დააჯარიმეს. ამასთან, პარტიის წევრები მერიაში შესვლას და მათ მიმართ გამოწერილი ჯარიმების გასაჩაივრებას ცდილობდნენ, პოლიცია კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პარტიის 4 წევრი, მათ შორის, “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძეც დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ოთხივე მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისფლეს.

ამასთან, აქციის დასასრულს პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა მერიაში შესვლა და საჩივრის შესახებ განაცხადის დატოვება მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი