ახალი ამბები

“ჩემი რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს” – გამყრელიძე

5 ოქტომბერი, 2020 • 769
“ჩემი რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი პირადი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს დაგეგმილი მატჩი მაყურებლის დასწრების გარეშე ჩატარდეს:

“ჩემი პირადი რეკომენდაცია გახლავთ, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფამ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, რომ დავუშვათ 30%-მდე დასწრება. მე მახსოვს ჩვენს სტადიონზე დაახლოებით 60 000-მდე მაყურებელი ეტევა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი დასწრებით ჩატარდეს”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

აღნიშნულ თემაზე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არაა. საკოორდინაციო საბჭო 8 ოქტომბრამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება აღნიშნული რისკების განსახილველად, თუმცა აცხადებს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მატჩზე მაყურებლის დასწრება რეკომენდებული არ არის:

“8 რიცხვამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ჩვენ რეკომენდაცია მივეცით, რომ ამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩზე მაყურებლის დასწრება რეკომენდებული არ არის”, – თქვა ტიკარაძემ.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს, შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს, თუმცა საქართველოს პოზიცია ამ დროისთვის ცობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი