კორონავირუსის გამო ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მათ შორის ერთ-ერთია ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა, სადაც კორონავირუსი ორ მოსწავლეს დაუდასტურდა.
როგორც 31-ე სკოლის დირექტორმა რუსთავი2-ს განუცხადა, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, ინფიცირებულია ბავშვების დედაც.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განმარტებით, რეგიონში ვირუსის მასობრივად გავრცელება არ შეინიშნება.
“44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ახალი წყაროც. აღარ დავკონკრეტდები იმიტომ, რომ მასობრივად გავრცელება არსად არ გვაქვს, არცერთ კლასტერში, რამდენიმე წვრილ-წვრილია და მათ შორის არის, სამწუხაროდ, ინფიცირებული ბავშვებიც, რის გამოც ქუთაისში ორი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა და ყველა ის ადამიანი, მასწავლებლები თუ ბავშვები იზოლაციაში გადავიდნენ”, — განაცხადა შალამბერიძემ.