დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთი მზადაა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ჩამოყალიბებაში.
განცხადება გაკეთდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, სადაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
“ჩვენ მივესალმებით ფაქტს, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები მათი ლიდერების დონეზე გმობენ ძალის გამოყენებას კონფლიქტის ზონაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს.
“თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი აგრესიული მოქმედებები და უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ჩართულობა ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებასა და მშვიდობას, ასევე, ზრდის სრულმასშტაბიანი ომის რისკებს. აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების ტექსტში მხარს უჭერს კონფლიქტის გადაწყვეტის მშვიდობიან გზას.
“სომხეთი რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე. აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ მიიღებს ჩვენს შესაბამის პასუხს, თუმცა, ამავდროულად, მზად ვართ, რომ ჩავერთოთ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად მოლაპარაკებებში, რათა ჩამოყალიბდეს სამშვიდობო რეჟიმი, რომელიც დაემყარება 1994-1995 წლების შეთანხმებებს.”
მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებენ მინსკის ჯგუფის წევრი სახემწიფოები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიწვევას სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად კონფლიქტის მონაწილე არცერთ მხრიდან ქმედითი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.