დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 46 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
ჯამში, 2 ოქტომბერს კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკანტერინე ტიკარაძემ განაცხადა, 2 პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, 3 — ქუთაისში. მისივე თქმით, გარდაცლილთაგან ერთ-ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ოჩამჩირიდან იყო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ქალი, 57 და 90 წლის.
სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. 90 წლის პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბრიდან იმყოფებოდა, 57 წლის ქალი კი კლინიკაში 30 სექტემბერს შეიყვანეს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3714 პაციენტი.
