ახალი ამბები

რუსეთს 12 ნოემბრამდე მიეცა ვადა, კომპენსაციის გადახდის ფორმა დაასახელოს

2 ოქტომბერი, 2020 • 1091
რუსეთს 12 ნოემბრამდე მიეცა ვადა, კომპენსაციის გადახდის ფორმა დაასახელოს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, თუ რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე არ დათანხმდება დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდაზე პირდაპირ საქართველოსთვის ან ევროპის საბჭოს შუამავლობით, 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნება შუალედური რეზოლუცია, რაც არის პირველი ნაბიჯი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს, სულ მცირე,  1 500 პირზე. კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ყოველ გადაცილებულ დღეზე რუსეთს პირგასამტეხლო ეკისრება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს
მოუწოდა, კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადაიხადოს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

მასალების გადაბეჭდვის წესი