ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება

2 ოქტომბერი, 2020 • 1523
ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება

აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინფორმაციით, გრძელდება ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო.

“დაახლოებით 07:55 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგე მხარის ერთი თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე.

აზერბაიჯანი კი იუწყება, რომ კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე მიმართულებით სომხური მხარის მიერ დაკავებულ სიმაღლეებზე კონტროლი კვლავ დაიბრუნეს.

“ბრძოლებში ჩვენი წარმატებები და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიციების დაბრუნება აზერბაიჯანის არმიაში საბრძოლო სულისკვეთებას და გამარჯვების განწყობას ზრდის”, –  ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

სომხეთის თავდაცვის უწყებამ გუშინ, პირველ ოქტომბერს, კიდევ 23 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სომხეთის მონაცემებით, ამ დრომდე დაიღუპა 83 ჯარისკაცი. დაღუპული ჯარისკაცების საშუალო ასაკი 20 წელია.

აზერბაიჯანს 27 სექტემბრის შემდეგ არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობაზე .

ჯარისკაცები კონფლიქტის ზონისკენ მიდიან; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი; 29.09.202

მასალების გადაბეჭდვის წესი