ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში დაბომბვისას ჟურნალისტები დაშავდნენ

1 ოქტომბერი, 2020 • 646
ყარაბაღში დაბომბვისას ჟურნალისტები დაშავდნენ

მთიან ყარაბაღში დაბომბვის დროს ფრანგული გამოცემა Le Monde daily-ს ორი ჟურნალისტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სომხური ინფოცენტრი ავრცელებს.

“ისინი უკვე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ცნობაში.

გარდა ამისა, სომხეთის ომბუდსმენის მიერ ფეისბუქზე გავრცელებული ცნობით, დაშავდნენ ArmeniaTV-სა და 24news.am-ის ჟურნალისტები. არმან ტატოიანის განცხადებით, ჟურნალისტებს მანქანაზე გამოსახული იყო მედიისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა, თუმცა მათზე თავდასხმა მაინც მოხდა, რაც მისი განცხადებით ნათლად მიანიშნებს აზერბაიჯანის მიერ სამოქალაქო პირებზე თავდასხმას.

სომხეთის თავდაცვის უწყებამ დღეს კიდევ 23 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სომხური მონაცემებით, ამ დრომდე დაიღუპა 83 ჯარისკაცი. დაღუპული ჯარისკაცების საშუალო ასაკი 20 წელია.

აზერბაიჯანს 27 სექტემბრის შემდეგ არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობაზე . ბაქოს ცნობით, კონფლიქტის ზონაში სომხური მხარის შეტევების შედეგად 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 55 დაშავდა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი