სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა მიაღწია უდიდეს დიპლომატიურ გამარჯვებას – ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს.
„საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ამჩნევს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემი ტერორისტების დახმარებით თავს ესხმის სომხეთსა და მთიან ყარაბაღს“ ,- ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.“
მისი თქმით, საომარი ხაზი ხდება „ცივილიზაციის ხაზი“, რადგან არწახი (მთიანი ყარაბაღი) იბრძვის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.
„ტერორიზმი თანაბრად უქმნის საფრთხეს აშშ-ს, რუსეთს, ირანს, საფრანგეთს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „სამართალი აუცილებლად იპოვის თავის ადგილს და აზერბაიჯანი აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით“
მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა. 30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო აემოქმედებინა შეჩერების მექანიზმი და მხარეებს მოუწოდა მშვიდობისაკენ. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ცეცხლის შეწყვეტის დაჟინებული მოთხოვნისა, მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება.