ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს გახარია თბილისში შეხვედრას სთავაზობს

30 სექტემბერი, 2020 • 1537
სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს გახარია თბილისში შეხვედრას სთავაზობს

“საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

“ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

“მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი, მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ”.

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბრძოლები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, მხარეებს ჯერჯერობით არ მიუღიათ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი