ახალი ამბები

დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა — სააკაშვილი დავითგარეჯაზე დაწყებულ გამოძიებაზე

30 სექტემბერი, 2020 • 1591
დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა — სააკაშვილი დავითგარეჯაზე დაწყებულ გამოძიებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებაზე და ამბობს, რომ ეს “დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა”. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ეს ძალიან საშიში სიტუაციაა და შემთხვევითი არაა, რომ ეს “პროვოკაცია” ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე.

“მინდა გითხრათ, რა არის ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები: ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების, შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის, და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო”, — აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე აყენებდნენ საკითხს, რომ საზღვრის დელიმიტაცია საბოლოოდ მომხდარიყო და დავითგარეჯა, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია, ბოლომდე დაკანონებული ყოფილიყო.

“უფრო მეტიც, სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა, ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა და საკუთარ სიწმინდეებთან შეხების საშუალება”, — აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყების საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკრუატურაში ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

პროკურატურა: აზერბაიჯანთან საზღვარი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, გამოძიება დავიწყეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი