ახალი ამბები

ლელოს ინიციატივით, დებატებში კანდიდატის მონაწილეობა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

29 სექტემბერი, 2020 • 929
ლელოს ინიციატივით, დებატებში კანდიდატის მონაწილეობა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც, შესაძლოა სახელისუფლებო კანდიდატისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმვილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი „ლელოს“ ლიდერებმა, კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში უკვე შეიტანეს.

ნეტგაზეთი ამ ინიციატივაზე კახა კოჟორიძეს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ წინასაარჩევნოდ „ლელომ“ არაერთხელ მიიწვია „ოცნების“ წევრები დებატებზე, თუმცა ამ უკანასკნელზე უარი განაცხადეს – „შესაბამისად, გამიჩნდა იდეა, რომ დამეწერა კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტში შევიტანეთ,“.

კოჟორიძემ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ სახელიწუფლებო პარტიის წევრები ხშირად უარს აცხადებენ დებატებზე, თუმცა წინასაარჩევნო დებატები ის ევროპული სტანდარტია, რომლისკენაც ქვეყანა ისწრაფვის.

„ამ კანონპროექტის თანახმად, ინიცირებულია ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსში და მისი არსი არის ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატი ვალდებული გახდეს, რომ მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

თუ საერთო მაუწყებელი ორგანიზებას გაუწევს დებატებს და მოიწვევს სახელისუფლებო კანდიდატს, სახელისუფლებო პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი ვალდებული ხდება, რომ ასეთ დებატებში მიიღოს მონაწილეობა. მინიმუმ ერთხელ მაინც ერთ საერთო მაუწყებელზე. თუ ის ორჯერ იტყვის უარს დებატებში მონაწილეობაზე, მაშინ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუუქმდება არჩევნებში რეგისტრაცია“, – განმარტავს კახა კოჟორიძე.

კახა კოჟორიძის თქმით, ცვლილების თანახმად, არცერთ ტელეკომპანიას არ უჩნდება ვალდებულება, დებატებს გაუწიოს ორგანიზება, თუმცა, კანდიდატს მოწვევის შემთხვევაში – „ერთ მაუწყებელზე ერთხელ მისვლის ვალდებულება აქვს,“.

„ხალხმა უნდა დაინახოს, ვის ირჩევს. კანდიდატებს ბილბორდების ფოტოების ხარჯზე უნდათ გამარჯვება, ამ დროს კი რეალურად ამომრჩეველი ზარლადება. მას კარგი არჩევანის გაკეთება ურთულდება, დებატებში კი მას მარტივად შეეძლება შეადაროს კანდიდატები ერთმანეთს“, – ამბობს კოჟორიძე.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პოლიტიკურ ნებას, კოჟორიძე პასუხობს, რომ „მიამიტები არ ვართ“.

„ჩვენ მიამიტები არ ვართ და ვერ ვხედავთ იმის მზაობას ამ ძალის მხრიდან, რომ ისინი ამ კანონპროექტს მიიღებენ, მაგრამ ჩვენ აქედან ვაცხადებთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება, მომავალი ხელისუფლება, რომლის ნაწილი ჩვენც ვიქნებით, წინასარ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ანგარიშვალდებული ვიქნებით ხალხის წინაშე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება არჩევნები, არამედ მანამდეც, როდესაც კანდიდატებს დავაყენებთ“, – აცხადებს კოჟორიძე.

როგორც ცნობილია, საარჩევნო კამპანია სექტემბრიდან გაიხსნა, თუმცა ჯერჯერობით არ გამართულა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დებატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი