ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

29 სექტემბერი, 2020 • 773
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მიეცა, რომელთაგან ორი დაკაავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ჯამში, 2065725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები დაამზადეს და გამოიყენეს, რითაც 313789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი შეიქმნეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა  220 897 ლარის გამოყენება შეძლეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის ნაწილი, 56033 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი