ახალი ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ — შსს

29 სექტემბერი, 2020 • 887
დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ — შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. მათივე ცნობით, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 330 აბი ამოიღო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ლ-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. პოლიციამ ბ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანა გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი