ახალი ამბები

ჩვენს დროს მოხდა რწმენის და ტრადიციების აღორძინება – სააკაშვილი

26 სექტემბერი, 2020 • 1947
ჩვენს დროს მოხდა რწმენის და ტრადიციების აღორძინება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს და ამომრჩევლის დაშინების ტაქტიკას იყენებს.

“როგორია არსებული ოლიგარქული წყობის ტაქტიკა? – დაცვის პირველ ხაზად ისინი იყენებენ ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს, რომელთაც აქტიურად მისცეს სააკაშვილის ლანძღვის დავალება. ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს. ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა არა ჩემი პიროვნება, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. ქართველმა ხალხმა იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საქართველოში ისევ დაიწყება სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა – სისხლისსამართლებრივი დევნა და რევანში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე პირადად და ეს არ განხორციელდება, ვინაიდან ქვეყანამ არ შეიძლება, ერთსა და იმავე წრეზე იაროს”, – ამბობს სააკაშვილი.

ექს-პრეზიდენტის თქმით, ახლა ხდება მონტაჟების გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, ნამდვილი თუ ტყუილი ჩანაწერების გამოყრა, ბილბორდებზე მისი და წარსულში თუ ახლა მასთან ასოცირებული რამდენიმე პირის “მოჭყანული” სახეების დახატვა და ხალხის დაშინება, რომ “ბუა მოდის”.

“რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდებზე, მით უმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ საარჩევნო რეკლამებში ჩემი ჩვენება, მით უფრო კარგი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, თქვენს დროს შემცირდა; ჩვენს დროს იყო სწრაფი პროგრესი და თქვენს დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენს დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ქართველური ტრადიციული ფასეულობების… ჩვენს დროს აღდგა ბაგრატი და ასეულობით სხვა ძეგლი და თქვენ გაანადგურეთ გელათი. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი”, – ამბობს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი