ნეტგაზეთი | მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, რუსეთის ქმედებები სათანადოდ შეაფასოს – გახარია მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, რუსეთის ქმედებები სათანადოდ შეაფასოს – გახარია – Netgazeti
RU | GE  

მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, რუსეთის ქმედებები სათანადოდ შეაფასოს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სხვა თემებთან ერთად გამოსვლისას გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო ქმედებები.

„საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს შეთანხმება.

მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა – რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დეკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც ცდილობს „შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს“. გახარია ასევე განმარტავს, რომ საქართველოს არჩეული პოლიტიკა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მოგვარებაა.

„რაც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ – ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით“, – ამბობს ის.

სიტყვის გამოსვლისას გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ საქართველოს მიზანი აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.

„მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს – საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან