ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში რეზერვისტთა მოულოდნელი გაწვევა დაიწყეს – BBC

25 სექტემბერი, 2020 • 988
აზერბაიჯანში რეზერვისტთა მოულოდნელი გაწვევა დაიწყეს – BBC

“აზერბაიჯანში რეზერვისტთა მოულოდნელი გაწვევა დაიწყეს – დიდი ხნის წინ დათხოვნილ თანამშრომლებს სამხედრო განყოფოლებებში იბარებენ და დაუყოვნებლივ აგზავნიან სამხედრო სწავლებებზე. პოლიცია კი არმიის საჭიროებისთვის ქუჩაშივე აჩერებს მოქალაქეებს და კერძო სატვირთო მანქანებს ართმევს”, – წერს BBC-ის რუსული სამსახური.

ამასთან, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის.

ბიბისი, წერს, რომ ესაუბრა აზერბაიჯანის მოქალაქის, ყოფილი სამხედროს ცოლს, რომელიც ამბობს, რომ მისი ქმარი დილით, სამსახურში წასვლამდე სამხედრო განყოფილებაში გამოიძახეს, რის შემდეგაც მას ვეღარ უკავშირდებოდა. მოგვიანებით კი, შეიტყო, რომ მისი ქმარი სამხედრო სწავლებებზე ორი თვით წაიყვანეს.

“აზერბაიჯანში დაიწყო სამხედრო სათადარიგო პერსონალის მობილიზაცია. “სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად, გაწვევა ხდება სამხედრო ტრენინგებზე, სამხედრო მზაობის შემოწმებაზე და სპეცამოცანებისთვის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის შს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიბისი-ს ცნობითვე, მოსახლეობა პირად საუბრებში მედიასთან აცხადებს, რომ პოლიცია მათ ართმევს პირად, პიკაპის ტიპის მანქანებს და ცალკე სადგომზე გადაჰყავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის შს უწყება განმარტავს, რომ “სამხედროთა სრულყოფილად დასაცავად მანქანების დროულ და ხარიხსიან დიაგნოსტირებას აპირებენ”.

გამოცემის ინფორნაციითვე, ექსპერტები აზერბაიჯანში არ გამორიცხავენ ახალ შეტაკებებს სომხეთთან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,უკანასკნელი რამდენიმედღიანი შეტაკებები 2020 წლის 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.


სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი