შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს. უწყების განმარტებით, არასწორია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 24 სექტემბრის განცხადება იმის თაობზე, რომ წინა წლების პრაქტიკით წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პასუხი პრაქტიკულად არავის უგია.
სამინისტროს განცხადებით, წინა წლებში წინასაარჩევნო პერიოდში უწყება მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენდა კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებსაც მიმართავს და დააკვირდება კონკრეტული ფაქტების გამოძიების პროცესს:
“სამწუხაროდ, უკვე ჰქონდა ადგილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტებს, ასევე, გვესმის შემთხვევები პირადი ცხოვრების მასალების გამოყენებით პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე. ამ საკითხებშიც ვართ ჩართული. მივმართავთ შესაბამის უწყებებს და მოვიძიებთ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი განცხადებით, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.