ახალი ამბები

უმცირესობათა უფლებები – რა ხედვები აქვთ პარტიებს| არჩევნები 2020

23 სექტემბერი, 2020 • 1451
უმცირესობათა უფლებები – რა ხედვები აქვთ პარტიებს| არჩევნები 2020

რა წინადადებებს (თუკი ასეთი გაქვთ) გვთავაზობთ უმცირესობათა (რელიგიური, ეროვნული, სექსუალური და სხვ.) უფლებების ეფექტური დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის? – ამ კითხვის ქვეშ პლატფორმა Partiebi.ge-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა პასუხები გააერთიანა.

პარტიათა ნაწილმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა. შესაბამისად, მათი პოზიცია აღნიშნულ პლატფორმაზე ასახული არ არის.

ნეტგაზეთი პარტიების პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:


ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები

ჩვენი ხედვით, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას ყველაზე მეტად სახელმწიფო ენის არცოდნა აფერხებს. სახელმწიფოს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ინფორმაციის, განათლების მიღებას ქართულ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან მათ ინტეგრირებას. გარდა ამისა, სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, უმცირესობის ნებისმიერ წარმომადგენელს აბსოლუტურად თანაბრად უნდა უდგებოდეს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს უმცირესობათა დისკრიმინაციის ფაქტზე, ხშირად უგულებელყოფს კიდეც მას. ჩვენი აზრით, უნდა გამკაცრდეს სადამსჯელო ღონისძიებები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დროს გამოჩენილი გულგრილობისთვის.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი

ადამიანები არიან თანასწორები, უფლებრივად არ შეიძლება მათი დაყოფა რამე ნიშნის მიხედვით. ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვეპყრობით თანასწორად, თუ ვინმე ღარიბია და თავის შენახვა არ შეუძლია, უნდა დავეხმაროთ, მიუხედავად იმისა, რომელი უმცირესობის წევრად მიიჩნევს თავს. შესაბამისად, არც პრივილეგიებს მივანიჭებთ რაიმე ჯგუფის მიმართ კუთვნილების გამო, მაგრამ არც მათ მიმართ ჩადენილი რაიმე ტიპის ძალადობა დარჩება დაუსჯელი.

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი ხელის შემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ისეთ სიტუაციას, როცა უმცირესობები არ დაიჩაგრებიან და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო სერვისები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია

ინდივიდუალური თავისუფლება ყველას ბედნიერებისთვის! ჩვენ ვცნობთ და დავიცავთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც უზენაეს ღირებულებებს. კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ამის გარანტი იქნება როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ისე პოლიტიკურად ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანო. ჩვენი გეგმით:

  • უზენაეს სასამართლოში, ევროპის სასამართლოს ანალოგიით ჩამოყალიბდება ადამიანის უფლებათა დაცვის პალატა, რომლის შემადგენლობის 2/3 უცხოელი მოსამართლეები იქნებიან;
  • განუხრელად იქნება დაცული რელიგიის თავისუფლება, როგორც ადამიანის იდენტობის განუყოფელი ნაწილი;
    სრულად იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება. ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა კი მხოლოდ სიმართლის დაპირისპირებითა და სასამართლოში დავით გახდება შესაძლებელი;
  • ფარული მიყურადებისა და თვალთვალის გასაღები ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უწყებას გადაეცემა.

ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა

ჩვენი მიზანია დემოკრატიული, კონსოლიდირებული და საერთო-საკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და სრულყოფილი განვითარების შესაძლებლობით. უნდა გამოირიცხოს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ყველა მათგანის დამცველია. სახელმწიფომ თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იდენტობისა, უნდა შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, დაეხმაროს მას საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში. ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების მეტად ინტეგრირებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო დაეხმაროს მათ ქართული ენის შესწავლაში.

ლელო საქართველოსთვის

„ლელო“ შეცვლის პოლიტიკის ვექტორს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით – სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად შეფასდება არა უმცირესობების წარმომადგენელთა „ზედმეტი“ პოლიტიკური აქტიურობა (როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება), არამედ მათი ნაკლები ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და მმართველობის სისტემაში. გაუქმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო და რელიგიის საკითხთა სააგენტო. შეიქმნება სამოქალაქო თანასწორობის სააგენტო, რომელიც იმუშავებს რელიგიური და ეთნიკური თანასწორობის საკითხებზე ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხოლო კონფლიქტების დარეგულირების კუთხით იმუშავებს სახელმწიფო მინისტრი. შემუშავდება და დაიწყება 10-წლიანი პროგრამის განხორციელება, რომლის შედეგადაც ქართული ენის არმცოდნეთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იქნება.

ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნება მშობლიური ენისა და ლიტერატურის (აზერბაიჯანული და სომხური) მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო სკოლებში შემოვა ახალი სასკოლო საგანი – „მრავალფეროვანი საქართველო“. რელიგიურ კონფესიებს შორის სადავო საკულტო ნაგებობების, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, გადარჩენისა და მოვლა-პატრონობისთვის შემუშავდება ეფექტური მექანიზმები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

შემოღებული იქნება ერთიანი საგადასახადო სისტემა ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის. ლგბტ პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების გზით. დაიხვეწება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობა-დისკრიმინაციის პრევენციის და ეფექტური რეაგირების მექანიზმები. დანერგილი სამართლებრივი მექანიზმები და პოლიტიკა მოიცავს როგორც სამართალდაცვით, ისე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის საკითხებს და უზრუნველყოფს მსხვერპლთა მრავალმხრივ დაცვას.

გაუმჯობესდება ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა პაციენტისთვის „ზიანის მიუყენებლობის“ პრინციპების გათვალისწინებით. გენდერული იდენტობის სამართლებრივი მექანიზმები და მიდგომები შემუშავდება ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

სამართლიანობისთვის

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

პრიორიტეტული გახდება სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება. ეს გადაუდებელი ამოცანაა, რადგან ქართული ენის არცოდნა წინაღობას უქმნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს ცხოვრებაში. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენის პროგრამებზე აკადემიური პროცესის მიღმაც. უზრუნველყოფილი იქნება ქართული ენის მიზნობრივი სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებისთვის გაუმჯობესდება ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობა.

განათლების სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე. გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა, რაც წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი წინაპირობაა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის სახელმწიფოს შესაბამის პროგრამებსა და სერვისებზე მათთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით. უზრუნველყოფილი იქნება ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები, ტოლერანტული გარემოს წახალისება მთლიანად საზოგადოებაში.

სტრატეგია აღმაშენებელი

კანონმდებლობის დახვეწისა და გაუმჯობესების მიუხედავად, ხშირად მაინც ვერ ხერხდება ცალკეული დაუცველი ჯგუფების სრული ინტეგრაცია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, ხშირია დისკრიმინაციის შემთხვევებიც. დისკრიმინაციის ფაქტებზე დაგვიანებით და არასათანადო რეაგირების გარდა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების ფონზე, მეტისმეტად ნელია თანასწორობის მიღწევის პროცესი. უმცირესობების უკეთ ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, კერძო სექტორისა და, განსაკუთრებით, სახელმწიფოს ჩართულობა და მათი კოორდინირებული მოქმედება. სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები უმცირესობის ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით.

ასევე, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს, კანონის ფარგლებში, ულტრამემარჯვენე და რადიკალური ჯგუფების განცხადებებსა და ქმედებებზე, რაც შუღლს აღვივებს საზოგადოებაში უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, ისე განსაკუთრებით სახელმწიფო და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ. ამ პროცესში გადამწყვეტია არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა და ჩართულობა.

„ქართული ოცნებისა“ და „რეფორმატორების“ ხედვა ამ საკითხზე უცნობია.


www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

“პროექტის მიზანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე გათვლილი და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. ამავე პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციასა და დებატების რაციონალური, საქმიანი და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.

ამ ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ პოლიტიკური პარტიების ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოთ მათ სრულ საარჩევნო პროგრამას; სოციალური მედიის აპლიკაციებით კი შეძლებთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.

იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი