ახალი ამბები

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა

23 სექტემბერი, 2020 • 1184
რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა

რუსეთში დააკავეს რელიგიური კულტის ლიდერი, რომელიც ამტკიცებს, რომ იესო ქრისტეს რეიკარნაციაა.

საუბარია სერგეი ტოროპზე, იგივე ვისარიონზე, რომელიც ყოფილი საგზაო ოფიცერია.

გარდიანის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ მის დასაკავებლად ციმბირში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელშიც პოლიციელებთან ერთად სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. რუსეთის ხელისუფლება მას ედავება “არალეგალური რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას”. ასევე გამოძიება ამტკიცებს, რომ კულტი მიმდევრებს ფულს სძალავდა. ტოროპთან ერთად მისი გარემოცვის რამდენიმე წევრიც დააკავეს.

გარდიანის ინფორმაციით, ტოროპმა სამსახური 1989 წელს დაკარგა, შემდეგ კი, როდესაც სსრკ-მა ნგრევა დაიწყო, ამტკიცებს, რომ ‘გამოიღვიძა”. 1991 წელს დააფუძნა “ბოლო აღთქმის ეკლესია”.

ვისარიონის რამდენიმე ათასი მიმდევარი ციმბირში ცხოვრობს, თუმცა მიმდევრები ჰყავს რუსეთის სხვა რეგიონებში, ასევე, საზღვარგარეთაც.

“მე არ ვარ ღმერთი და შეცდომაა იესო დაინახო ისე, როგორც ღმერთი. მაგრამ მე ვარ ღმერთის ცოცხალი სიტყვა. ღმერთი ყველაფერს ჩემი მეშვეობით ამბობს”, – აცხადებდა ვისარიონი 2002 წლის ინტერვიუში გარდიანთან.

რუსული მედიის ცნობით, კულტის იდეოლოგიის თანახმად, იესო ადამიანებს თვალს ადევნებს დედამიწასთან ახლოს მყოფი ორბიტიდან, თუმცა მოგვიანებით ვისარიონმა თავი იესოდ გამოაცხადა. გარდიანის თანახმად, კულტის იდეოლოგია მართლმადიდებლობისა და ბუდიზმის ელემენტებისაგან შედგება. კულტის მიმდევრები კალენდარს 1961 წლიდან ითვლიან, ეს ის წელია, როდესაც ვისარიონი დაიბადა, შობას კი 14 იანვარს აღნიშნავენ, ლიდერის დაბადების დღეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელით კულტის წევრებს ვისარიონის დაკავების შემდეგ. გარდიანის ცნობით, ასევე არაა ნათელი, მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ მისი დაკავება, რადგან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წლებია ამ ჯგუფს ებრძვის და გმობს, თუმცა მთავრობა ამ საქმეში არ ერეოდა. ზოგიერთი რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რელიგიური ჯგუფი ადგილზე ბიზნესინტერესების კვეთაში აღმოჩნდა ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი