ახალი ამბები

თურნავა VS ბოკერია პარლამენტში – უნდა შემცირდეს თუ არა გადასახდები

18 სექტემბერი, 2020 • 1054
თურნავა VS ბოკერია პარლამენტში – უნდა შემცირდეს თუ არა გადასახდები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საბჭოთა “ურავნილოვკის” პრინციპს უწოდებს “ევროპული საქართველოს” ინიციატივებს საშემოსავლო გადასახადის განახევრებასა და ქონების გადასახადზე წლის ბოლომდე მორატორიუმის დაწესების შესახებ.

თურნავას თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ დაბალი და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს საშემოსავლო გადასახადი გაუნახევრდეთ. ამასთან, აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა ქონების გადასახადიდან 430 მლნ ლარის მიღებას გეგმავს, საშემოსავლო გადასახადიდან კი, 1.6 მილიარდ ლარის. აქედან გამომდინარე, პარლამენტში მყოფმა ნათია თურნავამ დეპუტატებს მოუწოდა, ასეთი დაპირებების დროს ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილზეც იფიქრონ.

გადასახადის შემცირებაზე კითხვა ეკონომიკის მინისტრს გიგა ბოკერიამ დაუსვა, რომელიც დაინტერესდა, როდის განიხილავს მთავრობა გადასახადების რეალურად დაწევის საკითხს. გიგა ბოკერია დაინტერესდა, რამდენად უნდა დამძიმდეს კიდევ სიტუაცია, რომ მთავრობამ ეს საკითხი განიხილოს.

“ყურადღებით გავეცანი თქვენს დაპირებებს საგადასახადო შეღავათების ნაწილში. საშემოსავლოს გადასახადის განახევრება ყველათვის თანაბრად, როგორც დაბალხელფასიანი ადამიანების, მაგალითად, ბარის მიმტანის ან საბავშო ბაღის მასწავლებლისთვის, ასევე მაღალხელფასიანი ადამიანებისთვის, მაგალითად, მთავრობის წევრ ნათია თურნავასთვის ან პარლამენტის წევრის, გიგა ბოკერიასთვის. რატომ უნდა გაგინახევრდეთ თქვენ საშემოსავლო გადასახადი. რატომ უნდა გაგიკეთდეთ პარლამენტის წევრს ეს შეღავათი, როდესაც, თუ არ მეშლება, პანდემიამდე დისტანციური მუშაობის რეჟიმში იყავით გადასული ამ პარლამენტში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა. კიდევ უფრო საინტერესო მიდგომა გაქვთ ქონების გადასახადდთან დაკავშირებით. წლის ბოლოდე გავანულოთ ქონების გადასახადიო. თავი დავანებოთ იმას, რომ წელს ქონების გადასახადიდან 430 მლნ ლარს ველოდებით. არ მესმის, ქონების გადასახადი რატომ არ უნდა გადავახდევინოთ მსხვილ ბიზნესს ან იმ საწარმოებს, რომელიც კორონავირუსის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა. ეს არის საბჭოთა “ურავნილოვკის” პრინციპი. ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს მემარჯვენეობაზე დებს, საბჭოთა “ურავნილოვკის” პრინციპს გვთავაზობს”, – განაცხადა თურნავამ.

თავად ბოკერიამ “მემარცეხე საბჭოთა ექსტრემიზმად” შეაფასა მინისტრის განცხადება, თითქოს “ურავნილოვკის” პრინციპია ყველასთვის გადასახადის თანაბრად დაწევა. დეპუტატის განცხადებთ, რეალურად მაღალი გადასახადი ყველაზე მძიმე ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს აწვებათ და ისინი ზარალდებიან.

„საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო – მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ, მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვემო კლასს, და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი. ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. აქციზის გადასახადი საწვავზე რომელი მდიდრების გადასახადია? ჩემს ხელფასზე და საკუთარზე რომ საუბრობთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი, ეგ რომელი არგუმენტია, მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადი რომ არ დაუწიოთ? წარმატებას სჯით და გგონიათ, ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? ორჯერ ორი 4-ია, არ გესმით, რაზეა ლაპარაკი?“, – განაცხადა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი