ახალი ამბები

კინოფესტივალი “თაობა” 25-30 სექტემბერს ჩატარდება

18 სექტემბერი, 2020 • 786
კინოფესტივალი “თაობა” 25-30 სექტემბერს ჩატარდება

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი “თაობა” 25-30 სექტემბერს თბილისში გაიმართება. როგორც კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პანდემიის გამო მასში მონაწილეობას მხოლოდ ქართველები მიიღებენ.

ფესტივალის ფარგლებში 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის 4 სრულმეტრაჟიანი და 21 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმის ჩვენება ეროვნული სასახლისა და ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება.

“ფესტივალი კინოხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაესწრონ პროფესიულ დრამატურგიისა და რეჟისურის მასტერკლასებს პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში ბოლნისის მუზეუმში. ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც გამართავს თავისუფალ კინოჩვენებებს ორბელიანის მოედანზე.

გარდა ამისა, 13 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველ კვირა დღეს, საღამოს 8 საათზე ორბელიანის მოედანი მცირემასშტაბიან კინოკლუბადაც გადაიქცევა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება ღია ცის ქვეშ იხილოს ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ფილმები.”, – წერია კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდული კინოფესტივალი “თაობა” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ 2018 წელს დაარსდა. მისი მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და მათთვის კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარების დახვეწა.

ამასთან, “თაობა” ევროპული საბავშვო ფილმების ასოციაციის ერთადერთი წევრია საქართველოდან. ასევე, კინოფესტივალი ევროპული კინოაკადემიის “ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს” ქართველი პარტნიორია და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან.

წლევანდელი კინოფესტივალის პარტნიორები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, იტალიის საელჩო, ქარავანი და არტარეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი