ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის კომპიუტერში “ჰაკერული პროგრამები” არ აღმოჩნდა – პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 • 724
ბაჩალიაშვილის კომპიუტერში “ჰაკერული პროგრამები” არ აღმოჩნდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ კომპიუტერსა და პირად ტელეფონში არ აღმოჩნდა ე.წ. ჰაკერეული პროგრამები.

პროკურატურის განცხადებით, ამ საკითხის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც “თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით”.

“იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ “სამსუნგის” ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. “ჰაკერული” ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.

ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის   დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი