ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილის შტაბს თავს დაესხნენ

18 სექტემბერი, 2020 • 1338
ლევან ხაბეიშვილის შტაბს თავს დაესხნენ

სამგორში, აფრიკის დასახლებაში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბს თავს დაესხნენ. როგორც ხაბეიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, შემთხვევა გუშინ, 17 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ორმა პირმა შტაბს აგურები ესროლა, რის გამოც ჩაიმსხვრა მინები. თავდასხმის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

“თავდასხმა შუაღამით მოხდა. ორგანიზებულად მოიტანეს ქვები და ორგანიზებულადვე დაუშინეს. კამერებიც არის ადგილზე, თვითმხილველებიც არიან, თუმცა პოლიციას ჯერ არც კამერები ამოუღია და არც თვითმხილველები დაუკითხავს. თვითმხიველები რასაც ამბობენ, მინიმუმ ორი თავდამსხმელი იყო. ახალი გახსნილი იყო ეს შტაბი  და ჯერ მუშაობა არ დაგვიწყია, თუმცა უკვე ქვებს გვესვრიან და მუშაობას რომ დავიწყებთ, მერე არ ვიცი, რა იქნება”, – ამბობს ხაბეიშვილი.

ენმ-ის კანდიდატი მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ დღეს ქვეყანას “ქვასროლია ხელისუფლება” ჰყავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ქვების სროლით არის დაკავებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი