ახალი ამბები

ტრამპს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

17 სექტემბერი, 2020 • 1132
ტრამპს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ყოფილი მოდელი ემი დორისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დორისმა მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა მასზე 1997 წლის 5 სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩოგბურთის ტურნირის მიმდინარეობისას, საკუთარ VIP ოთახში იძალადა.

დორისი იმ დროს 24 წლის იყო.  როგორც The Guardian წერს, ყოფილი მოდელი იხსენებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მას პირში ენა ჩაუყო, პარალელურად კი ხელებში მოიქცია ისე, რომ დორისს გაქცევა არ შეძლებოდა.

“მან პირში ჩამიყო ენა, მე ვცდილობდი მის მოშორებას. შემდეგ უფრო ძლიერად მომაქცია მკლავებში, ხელებს კი ჩემს უკანალზე, მკერდზე, ზურგზე და ყველგან აფათურებდა”, – განაცხადა დორისმა.

ტრამპი საკუთარი ადვოკატის საშუალებით აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

ემი დორისი დონალდ ტრამპთან ერთად 1997 წელს. ფოტო: The Guardian

The Guardian-ის ცნობით, დორისმა გამოცემას მიაწოდა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ის ნამდვილად შეხვდა ტრამპს. მტკიცებულებებს შორისაა მისი ბილეთები ზემოთ აღნიშნულ ჩოგბურთის ტურნირზე და ტრამპთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო. გამოცემის ცნობით, იმ დროს ტრამპი 51 წლის იყო და უკვე ჰყავდა მეორე ცოლი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს დორისის ახლობლებმა, რომლებსაც მოდელმა ინციდენტის შესახებ მომხდარიდან მალევე მოუყვა. მათ შორის არის ასევე დორისის თერაპევტიც.

დონალდ ტრამპი, ემი დორისი და მისი ყოფილი შეყვარებული, ჯეისონ ბინი. 1997 წელი. ფოტო: The Guardian

გამოცემის ინფორმაციით, დორისი ახლა 48 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. როგორც The Guardian-თან საუბარში ყოფილმა მოდელმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტის შესახებ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც სურდა საუბარი, როდესაც ტრამპი  სექსუალურ ძალადობაში რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. თუმცა, დორისის თქმით, იმ დროს საკუთარი ოჯახის გამო გადაიფიქრა.

“ახლა ჩემი შვილები 13 წლის ხდებიან და მინდა იცოდნენ, რომ არავის უნდა მივცეთ უფლება, გაიძულოს იმის კეთება, რაც არ გინდა, რომ გააკეთო. მირჩევნია, მათთვის მაგალითი ვიყო. მინდა დაინახონ, რომ არ გავჩუმდი და გამოვედი იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მიუღებლად მოიქცა”, – განაცხადა დორისმა.

დონალდ ტრამპი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ამ დრომდე, დორისის გარდა, სულ მცირე, 25-მა ქალმა დაადანაშაულა. განსაკუთრებით აქტუალური კი აღნიშნული საკითხი 2016 წელს გახდა, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში იყრიდა კენჭს.

საპრეზიდენტო დებატებისას ტრამპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მას არცერთი ქალისთვის არ უკოცნია და არ შეხებია მათივე ნებართვის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი