ახალი ამბები

რუსთავში პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

17 სექტემბერი, 2020 • 1203
რუსთავში პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ რუსთავში ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ბ.ბ. და ამავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ბრალი ედებათ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულირებისას 20 -მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას:

“მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს”, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი