ახალი ამბები

Wizz air სექტემბერში ფრენებს განაახლებს – თურნავა

17 სექტემბერი, 2020 • 2010
Wizz air სექტემბერში ფრენებს განაახლებს – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერში “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს განაახლებს რამდენიმე “უსაფრთხო მიმართულებით”. რაც შეეხება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას, “რაინეარს”, როგორც მინისტრი ამბობს, ირლანდიური ავიაკომპანია ფრენებს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში განაახლებს. თურნავამ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ასევე განაცხადა, რომ მიმართულებებსა და სიხშირეებზე ორივე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებით ფრენები “ვიზეარის” მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, ჩვენ დარწუნებულნი ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან “რაინეარი” აღადგენს ფრენებს. რა სიხშირით შესრულდება ფრენები და რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას. ასე რომ, ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამოდენიმე თვეში”,-აცხადებს თურნავა.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სამი მიმართულებით აქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით სრულდება. 11 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

შენიშვნა: ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გუშინ, 16 სექტემბერს გააკეთა. დღეს, 17 სექტემბერს კი პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ Wizz Air ფრენებს პირველი ოქტომბრიდან რიგის მიმართულებით განაახლებს.  ეკონომიკის სამინისტროში აზუსტებენ, რომ მინისტრის გუშინდელ ინტერვიუსა და დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას შორის არსებობს დროში სხვაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ პერიოდში მთავრობაში მოლაპარაკებების შედეგად დაზუსტდა დრო თუ როდიდან იქნებოდა შესაძლებელი Wizz Air-ისთვის ფრენების განახლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი