ახალი ამბები

გლდანში შუქნიშნები და “ზებრები” ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

16 სექტემბერი, 2020 • 1563
გლდანში შუქნიშნები და “ზებრები” ამ დრომდე არ გაუკეთებიათ

უკვე რამდენიმე თვეა, თბილისის მერიამ დასრულებულად გამოაცხადა გლდანის მთავარი ქუჩების – ხიზანიშვილისა და ვეკუას – რეაბილიტაცია, მაგრამ ამ ქუჩებზე ამ დრომდე არ არის მოწყობილი შუქნიშნები, ქვეითებისთვის არ არის დახაზული “ზებრა” გადასასვლელები და მიუხედავად ჩანაფიქრისა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დაუხაზავთ ცალკე ზოლი.

ბოლომდე დაუსრულებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის ქვეითებს. რამდენიმე დღის წინ მოქალაქეებმა ფეისბუკით გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ცდილობს ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქუჩის გადაკვეთას, სადაც არც “ზებრა” გადასასვლელია დახაზული და არც შუქნიშანია მოწყობილი. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მკვეთრად ამუხრუჭებს ავტომობილი გზაზე გადასვლის დროს. ამ შემთხვევაში ქალი და ბავშვები გადარჩნენ, თუმცა აღნიშნულ ვიდეოს მოჰყვა უკმაყოფილო მოქალაქეების გამოხმაურებები ჯგუფებში, სადაც გლდანის ათასობით მცხოვრებია გაერთიანებული.

როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, იმის გამო, რომ არ არის მოწყობილი შუქნიშნები და არც “ზებრა” გადასასვლელებია დახაზული, მათთვის  გართულებულია ფეხით გადაადგილება. გზის გადაკვეთა მუდმივი შიშითა და გაასმაგებული ყურადღებით უწევთ. მსგავსი პრეტენზია აქვთ მძღოლებსაც. როგორც ისინი ამბობენ, საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო არ იციან, სად შეიძლება ქვეითი  გადავიდეს მოულოდნელად, რაც მათთვისაც სარისკოა.

თბილისის მერიის პრესსამსახხურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გლდანში რეაბილიტირებულ მთავარ ქუჩებზე ავტობუსის ზოლების და “ზებრა” გადასასვლელების დახაზვა “რამდენიმე დღეში დაიწყება”.

პრესსამსახურის ცნობით, თბილისში გზის საფარის საერაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდა, ბასლეინებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა კი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

“გაკეთდა ათი სატრანსპორტო დერეფანი, ამის მიხედვით ხდება გზების ადაპტირება, რომ შესაბამისი საავტობუსო ზოლები გაკეთდეს. ამიტომ, მთელ ქალაქში მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები და ეს მიდის ეტაპობრივად, არ ჩერდება პროცესი. უახლოეს დღეებში გლდანშიც აუცილებლად განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები”, – განმარტეს მერიის პრესსამსახურში.

უწყებისვე ინფორმაციით, გლდანში რამდენიმე დღეში დაიწყება შუქნიშნების დაყენებაც.


გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და სამუშაოების დასრულება სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო. გზის მშენებელი კომპანიები თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე გააფრთხილა სამუშაოების გაჭიანურების გამო. საბოლოოდ, ასფალტის ზედა ფენის დაგება ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე 2020 წლის ივნისში დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი