ახალი ამბები

ომბუდსმენი ხელისუფლებისგან მეტ ძალისხმევას ითხოვს COVID-19-სგან პანსიონატების დასაცავად

15 სექტემბერი, 2020 • 800
ომბუდსმენი ხელისუფლებისგან მეტ ძალისხმევას ითხოვს COVID-19-სგან პანსიონატების დასაცავად

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და თვალი მიადევნონ შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.

“მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობა ხანდაზმულ, ქრონიკული დაავადებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გააჩნიათ. საყურადღებოა სახელმწიფო ზრუნვის, თავისუფლების შეზღუდვის და აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პირთა მდგომარეობა, რადგან გარემო პირობების გამო ვირუსის გავრცელების რისკები ამ დაწესებულებებში მაღალია”, — ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უმბუდსმენის  ცნობით, სახალხო დამცველი მუდმივ რეჟიმში, ვიზიტებითა და მონიტორინგის გზით, აკვირდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ახალი კორონავირუსის პრევენციის და მისგან დამცავი პროცედურების შესრულების კუთხით.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მონიტორინგი აჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული დაწესებულებებში პირთა მიმოსვლის, დამცავი საშუალებების გამოყენების და არსებული წესების კონტროლის მიმართულებით.

“ამასთან, მნიშვნელოვანია ინსტიტუციებში მცხოვრებ პირთა უწყვეტი ინფორმირება და კონსულტირება ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკების და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, მათთვის მისაწვდომი ფორმით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში, ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას”, — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად.

ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას.

ბათუმში, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 ინფიცირებული თავშესაფრის თანამშრომელია, დანარჩენები კი- თავშესაფარში მცხოვრებნი.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კოვიდის 6 შემთხვევაა, თავშესაფარში კარანტინია

მასალების გადაბეჭდვის წესი