ახალი ამბები

სომხეთში კორონავირუსის გამო კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

11 სექტემბერი, 2020 • 1154
სომხეთში კორონავირუსის გამო კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე, დღეს, 11 სექტემბერს მიიღეს.

როგორც მთავრობის სპიკერმა, მანე გორგიანმა განაცხადა, საკარანტინო შეზღუდვები შესაძლოა ეპიდემიოლოგიური  სიტუაციის მიხედვით შეიცვალოს.

საკარანტინო პერიოდში სომხეთის საჰაერო საზღვრები იხსნება, სახმელეთო საზღვრების შემთხვევაში კი შეზღუდვები ძალაში რჩება.

კერძოდ, სომხეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს ეკრძალებათ სომხეთში სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტების საშუალებით შესვლა. გამონაკლისს წარმოადგენენ სომხეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები, სომხეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების მქონე პირები და ისინი, ვინც სომხეთში ახლო ნათესავის დასაფლავებაზე ან პანაშვიდზე მიდიან.

აკრძალვა არ ეხება, ასევე, სატვირთოს მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ.

ამასთან, ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც სომხეთში აქამდე მოქმედებდა, შემსუბუქდა. მაგალითად, თუკი აქამდე ღონისძიებებში აქამდე 40-მდე ადამიანის თავშეყრა იყო დაშვებული,  ახლა ეს რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

11 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსით დაღუპული პაციენტების რაოდენობამ 909-ს მიაღწია.

ამას გარდა, გარდაცვლილია კიდევ 280 კოვიდინფიცირებული ადამიანი, რომელთა გარდაცვალების მიზეზი სხვა ქრონიკული დაავადება გახდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 177, გამოჯანმრთელების — 201, გარდაცვალების კი — 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯამში ქვეყანაში ინფიცირებათა რაოდენობამ 45503 შეადგინა. 41434 პაციენტი გამოჯანმრთელებულია და მკურალობას 2880 აგრძელებს.

ჯამში ჩატარებულია 231259 ტესტირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი