ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ აფასებს აშშ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს

10 სექტემბერი, 2020 • 1766
როგორ აფასებს აშშ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია საქართველოზეც. დოკუმენტი მიმოიხილვას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს როგორც პრაქტიკაში, ასევე, საკანონმდებლო ბაზის დონეზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო საქართველოში მდგრადია, თუმცა ზოგიერთი კომპანია გამოხატავს მზარდ უნდობლობას სასამართლო სისტემის უნარზე, კომერციულ საქმეებთან დაკავშირებული დავები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად გადაწყვიტოს, ამასთან, ზოგიერთი პროცესი მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. სხვა კომპანიები, სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არაეფექტურობას, ნაკლოვანებებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფაში, ეფექტური ანტიტრესტული პოლიტიკის ნაკლებობას, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით გამოყენებას, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ზემოთჩამოთლილი პრობლემების გადასაწყვეტად და მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რჩება, საქართველო ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს თვალსაზრისით მოწინავე ადგილს იკავებს რეგიონში.

ანაკლიის და ფოთის პორტები

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ანაკლიის ღმრაწყლოვანი პორტის პროექტი მისი ინიცირების დღიდან მრავალ შეყოვნებას და გადავადებას შეეჩეხა, მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ამტკიცებდა რა, რომ კონსორციუმმა პროექტის რეალიზებისთვის საჭირო კაპიტალის მობილიზება არ მოახდინა; ამავდროულად განაცხადა, რომ ერთგული რჩება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეის და ტენდერს ხელახლა გამოაცხადებს.

ანგარიშში, ასევე, საუბარია ფოთის პორტზე, რომლის მმართველმა კომპანია APM Terminals-მა ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმებზე 2019 წელს განაცხადა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლოჯისტიკის და პორტის მენეჯმენტ კომპანიებმა დაიწყეს ფოთის პორტის გაფართოება, რისთვისაც Pace Group-მა 120 მილიონი გამოყო.

სასამართლო სისტემა

აშშ-სი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, კვლავ შეშფოთებას იწვევს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მასში სავარაუდო პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი, ასევე, პრობლემად რჩება სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება.

ამ კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, “მიუხედავად მართლმსაჯულების სისტემის მიმდინარე რეფორმისა, არსებით პრობლემად რჩება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, ისევე როგორც კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა”.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ეხმარებიან სასამართლო სისტემის ეფექტურობის ამაღლებაში.

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით და კანონით დამოუკიდებელი სასამართლო უზრუნველყოფილია, სასამართლო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. მოსამართლეები მოწყვლადი არიან პოლიტიკური ზეწოლისადმი როგორც სასამართლოს შიგნით, ისე გარეთ. დროდადრო საკუთრებასთან დაკავშირებული დავები ძირს უთხრის სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობას და კანონის უზენაესობის, შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. მთავრობამ სასამართლო რეფორმა პრიორიტეტად განსაზღვრა და პარლამენტმა გაატარა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ მიმართული რეფორმების სერია. მაშინ, როცა რეფორმებმა გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლბა, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები კვლავ მოწყვლადია პოლიტიკური წნეხის მიმართ”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ამ დროოსთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დომინირებს ანტი-რეფორმერი მოსამართლეების ჯგუფი, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ გავლენას ახდენს პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა დამატებითი ზომები, რომელიც ფოკუსირებულია მოსამართლეთა დისციპლინის წესებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი სკოლის საქმიანობის რეგულირებაზე.

წინა მთავრობის კრიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული დავები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა 2012 წლამდე, აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს საკითხები ისტორიული მფლობელობის უფლების არაკანონიერი გაუქმების შემთხვევებზე სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. ანგარიშის თანახმად, წინა მთავრობის პერიოდში, ასევე, ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის ფაქტებს, რომლებსაც გამჭვირვალობა აკლდა და როგორც ამბობენ, იძულებითი იყო.

კორუფცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველომ “საერთაშორისო გამჭირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა რეიტინგი 2003 წლის შემდეგ, ხოლო 2019 წელს 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილი დაიკავა.

“მაშინ როცა საქართველო წარმატებით ებრძვის ხილულ კორუფციას დაბალი დონეზე, მოწყვლადი რჩება იმის მიმართ, რასაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ელიტურ კორუფციას უწოდებს: მაღალჩინოსნები იყენებენ ლეგალურ ამბრაზურებს პერსონალური სტატუსისთვის, გამდირებისა და შურისძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება აქ ძირითადად ფრაგმენტულია, კორუფციის ეს ფორმა ან აღქმა მისი არსებობის შესახებ, პოტენციურად დამანგრეველია საზოგადო და ინვესტორთა ნდობისადმი საქართველოს ინსტიტუტებისა და საინვესტიციო გარემოსადმი”, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანგარიშის თანახმად, კორუფცია რჩება პოტენციურ პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, საჯარო ადმინისტრირების პრაქტიკასა და სასამართლო სისტემაში.

გამოხმაურება

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს “პოზიტიურ შეფასებად” მიიჩნევენ.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს“.

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, “ქართული ოცნების” წევრებს, ტრადიციულად, “გამორჩებათ ხოლმე” მნიშვნელოვანი მონაკვეთები მსგავსი ანგარიშებიდან. დეპუტატი აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს მიმართ უნდობლობამ გამოიწვია უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლებში.

„ანგარიშში ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს პოლიტიზების და მთლიანად სასამართლოს საკითხზე. ეს პირდაპირ აისახება ჩვენ ხალხზე, მოქალაქეებზე, რადგან სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში, რამაც თავისმხრივ გამოიწვია ლარის ვარდნა, სხვა უბედურებებთან ერთად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქვეყანას გარდამტეხი
ცვლილებები სჭირდება”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს Twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში საინვესტიციო გარემო არის და ყოველთვის იქნება სანდო, უსაფრთხო და სტაბილური.

“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ბიზნესისადმი ღიაობისა და ინვესტორების დაცვის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. საამაყოა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების მზარდი განვითარება”, – წერს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი