ნეტგაზეთი | ფერმაში, სადაც 180 ძროხა ჰყავთ, დაავადებაზე ჩივიან – რას ამბობენ სურსათის სააგენტოში ფერმაში, სადაც 180 ძროხა ჰყავთ, დაავადებაზე ჩივიან – რას ამბობენ სურსათის სააგენტოში – Netgazeti
RU | GE  

ფერმაში, სადაც 180 ძროხა ჰყავთ, დაავადებაზე ჩივიან – რას ამბობენ სურსათის სააგენტოში

საგარეჯოელი ფერმერი სოფელ იორმუღანლოდან „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის შემდეგ მის ფერმაში საქონელი დაავადდა. როგორც ფერმერი ამბობს, სამი სული პირუტყვი მოუკვდა, ათზე მეტი კი დაავადებულია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყურადღებას არ აქცევენ. ფერმერის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მედიისთვის მიემართა.

საპირისპიროს აცხადებენ სააგენტოში, რომ პირუტყვის დაავადების მიზეზი არ არის ვაქცინაცია, თუმცა, პრობლემას ადგილზე შეისწავლიან.

„პირველ აგვისტოს მოვიდნენ და საქონელი აცრეს ციმბირის წყლულზე. მეორე დღეს რამდენიმე სული ავად გახდა. სოფელ იორმუღანლოდან იყვნენ ვეტერინარები, რომლებმაც აცრეს. მივმართე მათაც, ვეტერინარს საგარეჯოშიც, თუმცა არავინ მოდის. 3 სული მოკვდა. ამ დროისთვის 12 სულია დაავადებული ფერმაში. არავინ მოდის, რომ რამე ნემსი გაუკეთონ, რომ ესენი მაინც არ მოკვდნენ“, – ამბობს აბას კურამბაროღლი.

მისივე თქმით, ფერმას 5 ადამიანი უვლის და 180 ძროხა ჰყავთ. „26 წელია ამ ფერმაში ვმუშაობ და ასეთი რამ არ მომხდარა“, – ამბობს აბას კურამბაროღლი.

„ნეტგაზეთი“ საგარეჯოში სააგენტოს ვეტერინარებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნულ ფერმაში ცხოველების დაავადების მიზეზად ვაქცინაცია გამორიცხეს.

„პირუტყვს არც ციმბირის წყლული აქვს და ვაქცინაციაც არაფერ შუაშია. 40 წელია ვეტერინარი ვარ. სხვა ფერმებშიც ათასობით პირუტყვი ავცერით იგივე ვაქცინით, მაგრამ გართულება არსად არ ყოფილა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, ჩემი აზრით, ე.წ. წელკავთან. ეს არ არის გადამდები დაავადება, მაგრამ მისი მკურნალობა რთულია. მეპატრონეს მივეცი რჩევა, რომ საქონელი შედარებით ნოტიო ადგილებში, სადმე ჭალაში გადაიყვანოს, რომ მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდეს. რამდენიმე პირუტყვს ჩვენი ხარჯით გადასხმაც კი გავუკეთეთ. რადგან ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ფერმერმა თავის საქონელს თავად უნდა მიხედოს“, – გვითხრა ვეტერინარმა ალიმ ნასიბოვმა.

პირუტყვის დაავადების კავშირს ვაქცინაციასთან კატეგორიულად გამორიცხავენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტშიც.

„2012 წლიდან, ყოველწლიურად, 3 მილიონზე მეტ მანიპულაციას ვაკეთებთ და აქედან დაახლოებით 1 მილიონამდე მანიპულაცია არის ჯილეხის [ციმბირის წყლული] დაავადების ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. არანაირი გართულება ამ ვაქცინაციას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის არც წელს, არ მოჰყოლია – არანაირი შეტყობინება არ შემოსულა სააგენტოში, არც ცხელ ხაზზე, არც პრესაში გაჟღერებულა. ეს ღონისძიებები ხორციელდება საკმაოდ წარმატებით და შესაბამისი შედეგებიც გვაქვს“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ თენგიზ ჩალიგავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

რასთან გვაქვს საქმე კურამბაროღლის ფერმაში? – ამ კითხვაზე პასუხად სააგენტოში აცხადებენ, რომ „ცხოველის დაავადების შემთხვევები ალბათ, დაემთხვა ვაქცინაციის პროცესს“.

„იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე, ერთი შეხედვით ძნელია, სანამ არ გვექნება შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნები. ჯერჯერობით მანდ, რამდენადაც ვიცით, პირუტყვი დაცემული არ არის, ანუ მკვდარი ცხოველი არ გვყავს, რომ ავიღოთ ნიმუშები. საუბარია რამდენიმე დაავადებულ ცხოველზე. 12-ზე არის ინფორმაცია ცხელ ხაზზე, თუმცა ჩვენი ვეტერინარები როცა იყვნენ იქ ადგილზე, არც ამდენი დაავადებული ცხოველი დახვდათ და არც მკვდარი ცხოველი, როგორც ეს ფერმერი ამბობს. ანუ მკვდარი ცხოველი რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ, მეპატრონეს ლეში უნდა ეჩვენებინა, საიდანაც ვეტერინარები აიღებდნენ ნიმუშებს. ალბათ ფერმერები ცდილობენ გაამუქონ სიტუაცია. იყო 2-3 დაავადებული ცხოველი, დააკვირდნენ და ჩაუტარეს გარკვეული პროცედურებიც. თუ იქ მოხდება ისეთი რამ, რაც მოგვცემს საშუალებას ნიმუშები ავიღოთ, ავიღებთ ნიმუშს, თუ არადა კვლავ გავცემთ რეკომენდაციებს“, – ამბობს თენგიზ ჩალიგავა.

ჩალიგავას თქმით, სააგენტოს ვეტერინარები კიდევ ერთხელ მოიკვლევენ სიტუაციას, თუ კონკრეტულად რა დაავადებასთან გვაქვს საქმე ფერმაში და „გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. ჩვენი უფლება-მოვალეობები მთავრდება იქ, სადაც მთავრდება სახელმწიფო პროგრამის ღონისძიებები, რომლებიც დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენი ჩართულობა იქ მთავრდება – ფინანსურიც და ადამიანური რესურსითაც“.

როგორც თენგიზ ჩალიგავა აცხადებს, თუ მოითხოვა სიტუაციამ, თბილისიდანაც ჩავლენ და მივაქცევთ ყურადღებას: „რაც შეეხება კლინიკურ ნიშნებს, ბევრ დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს მსგავსი კლინიკური ნიშნები… შეიძლება არც გვქონდეს ინფექციასთან საქმე და იყოს ტრავმული ან არაგადამდები დაავადება – ამაზე კონკრეტულად საუბარი ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, ვიდრე დეტალური კვლევა არ ჩატარდება და არ გაირკვევა ეს ყველაფერი რითი შეიძლება იყოს გამოწვეული“.

შეიძლება თუ არა თუნდაც „წელკავით“ დაავადებული პირუტყვის დაკვლა. თენგიზ ჩალიგავა ამბობს, რომ „საქონლის დაკვლა არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში, თუ მას რაიმე კლინიკური ნიშნები აქვს. ეს ცალსახად გამორიცხულია. ცხოველის დაკვლა ყოველთვის ხდება სასაკლაოზე შესაბამისი ვეტერინალური ზედამხედველობით, თუ ცხოველი არის ვიზუალურად ჯანმრთელი – პირველი მოთხოვნა ეს არის. ანუ დაკვლა და ხორცის გამოყენებაზე ზედმეტია საუბარი“.

 

მთავარი ფოტო: „ნეტგაზეთის“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com